აფბა: ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმამ სისტემა ხარჯეფექტური უნდა გახადოს

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმამ სისტემა ხარჯეფექტური უნდა გახადოს, - ამის შესახებ საუბარია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - აფბა-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ გამოცხადებულ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას ეხმაურება და აცხადებს, რომ რეფორმას, გარდა სამედიცინო მხარისა, გააჩნია მნიშვნელოვანი ეკონომიკური კონტექსტი და იგი მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული რეფორმის მიმდინარეობისას. ,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის პროცესში რეალური ეკონომიკური ეფექტის მისაღწევად აუცილებელია სექტორში დასაქმებული მედიკოსების შრომის ღირსეული ანაზღაურება და სისტემაში ხარჯეფექტურობის მიღწევა. ეს უნდა იყოს ორმხრივი ეკონომიკური ეფექტი, რამდენადაც, ერთი მხრივ, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირების შემთხვევაში, ანუ ადგილზე სწორი დიაგნოსტირებისა და სწორი მკურნალობის დანიშვნისას, პაციენტებს შეუმცირდებათ დანახარჯები მედიკამენტებზე და მეორე მხრივ, დაიკლებს მიმართვიანობა ჰოსპიტალური სექტორისადმი, რაც თავის მხრივ, შეამცირებს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფინანსურ მოცულობას", - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

მისი თქმით, არსებულ სიტუაციაში ოჯახის ექიმის ანაზღაურება მიბმულია მასზე მიწერილი იმ ბენეფიციარების რაოდენობაზე, რომლებიც ჩართულნი არიან ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში.  "თითოეულ ბენეფიციარზე პროგრამას ყოველთვიურად გამოყოფილი აქვს 1,93 ლარი (ვეტერანების შემთხვევაში - 2.15 ლარი). ეს თანხა მიეწოდება პირველადი ჯანდაცვის ობიექტს და სწორედ ამ ობიექტის მეპატრონისა და მენეჯმენტის პრეროგატივაა, რა პროცენტით დააფინანსებს ოჯახის ექიმის შრომას. როგორც წესი, ოჯახის ექიმს ამ თანხიდან 10-12%, საშუალოდ, ხელზე ასაღები 19-20 თეთრი ერგება, ექთანს, ამის ნახევარი, ანუ ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, დღეის მდგომარეობით, როდესაც ოჯახის ერთ ექიმზე გაპიროვნებულია 2000 ბენეფიციარი, მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი გამოდის 400 ლარი, ექთნისა კი 200 ლარი", - აცხადებს კაპანაძე.

აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ეს საკმაოდ მიზერული თანხაა და აუცილებელია მისი ეტაპობრივად ზრდა. ასევე, კაპანაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს ამ პროცესის ხელშემშლელი, ან მარეგულირებელი რაიმე ბერკეტი კანონმდებლობით არ გააჩნია და აუცილებელია, რომ რეფორმის პროცესში ეს საკითხიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. ახალგაზრდა ფინანსისტების მონაცემებით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ძირითადი ხარჯი მიდის ჰოსპიტალიზაციის და მაღალტექნოლოგიური ჩარევების დაფინანსებაზე. აგრეთვე, საქართველოში წელიწადში, დაახლოებით, 2 მილიარდი ლარი იხარჯება ჯანდაცვის სფეროში, როგორც სახელმწიფოდან, ასევე მოსახლეობიდან, საიდანაც 40% მედიკამენტებზე მოდის. კაპანაძის შეფასებით, ეს საკმაოდ მაღალი პროცენტია და სხვა ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი 15%-ს არ აღემატება. მისი თქმით, სწორედ ამ არსებული ტენდენციის შეჩერება და შემდგომ მისი პირიქით შეცვლა უნდა გახდეს ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის ეკონომიკური ეფექტი.

,,ახალგაზრდა ფინანსისტებს მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მუშაობის პარალელურად პირველადი ჯანდაცვის რეფორმირების გამოცხადება, სისტემური მიდგომის გამოვლინებაა და შესაბამისად, შედეგიც დადებითი დადგება. ის ხარვეზები თუ პრობლემური მხარეები კი, რაც ჯანდაცვის რეფორმირების პროცესში შეიძლება წამოიჭრას, საჭიროებს სწორ ანალიზს და ასეთი პრობლემური საკითხების მიმართ მიდგომების ჩამოყალიბებას, რომლებიც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე და ამ გამოცდილების ქართულ რეალობაზე ადაპტირებაზე იქნება დაყრდნობილი", - აცხადებს გიორგი კაპანაძე.