“გთხოვთ იჩუქოთ”

დაზარალებული ბიზნესმენი სამართლიანობის აღდგენას და უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს.

ბიზნესმენმა რაჯი ფილიპიამ და ადვოკატმა არჩილ ნიჟარაძემ პრესკონფერენცია გამართეს. მათ ქუთაისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემულ უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებაზე ისაუბრეს. დაზარალებულის ადვოკატის ინფორმაციით, 2011 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, ებრაულ კომპანია ”შიტრიტ ჯგუფს” ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე განლაგებული 13 ობიექტი გადაეცა. ყველაზე ძვირად ღირებული ობიექტი, ქალაქის ცენტრში, სასტუმრო თეთრ ხიდთან მდებარე შენობა იყო, საერთო ფართით 2029 კვ მეტრი. მისი კანონიერი მეპატრონე კი ფილიპიების ოჯახი იყო. აღნიშნულ ფართთან ერთად, ფილიპიების ოჯახს კიდევ ორი ობიექტი დაათმობინეს მუქარითა და იძულებით.

ბიზნესმენ რაჯი ფილიპიას ადვოკატის, არჩილ ნიჟარაძის თქმით, დიდი ხნის მუქარის შემდეგ, დასავლეთ საქართველოს პროკურატურამ, 2009 წელს ზურაბ ფილიპია დააკავა: ”ერთადერთი პირობა, რომელიც მისი და მისი ოჯახის წინაშე იყო წაყენებული, გახლდათ ის, რომ მას სასწრაფო წესით უნდა დაეთმო ყველა ის კერძო საკუთრება, რომელიც დაკავშირებული იყო სახელმწიფო ინტერესთან”,- აღნიშნა ადვოკატმა. მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში ზურაბ ფილიპიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო.

2010 წელს, ქუთაისის # 2 საპყრობილედან გამოგზავნილი მინდობილობის საფუძველზე, ზურაბ ფილიპიას შვილმა ქუთაისის მერიას და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა თხოვნით, ჩაებარებინა სახელმწიფოსთვის ზურაბ ფილიპიასა და მისი კომპანიის კუთვნილი კერძო საკუთრებები, რომელსაც ჩუქების წესით გადასცემდნენ სახელმწიფოს. განცხადებაშიც ასე იყო მითითებული, - ”გთხოვთ იჩუქოთ”.

დაზარალებულისა და მისი ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურის მხრიდან ცალსახად იყო საკითხი დაყენებული, თუკი სონა ხიჯაკაძე (ზურაბ ფილიპიას მეუღლე, ქონების ფაქტობრივი მფლობელი) სახელმწიფოს ჩუქების წესით მის კუთვნილ ქონებასაც არ გადასცემდა, მისი მეუღლე ზურაბ ფილიპია ქუთაისის #2 საპყრობილეში დაასრულებდა სიცოცხლეს და ასევე, დააპატიმრებდნენ მის შვილს. ზურაბ ფილიპიას მეუღლემ, სონა ხიჯაკაძემ 2010 წლის 10 თებერვალს ასევე ჩუქების წესით გადასცა სახელმწიფოს ქალაქ ქუთაისის ცენტრში (თეთრ ხიდთან) მდებარე სასტუმროს შენობა.

ჯამში, ზურაბ ფილიპიამ და მისმა ოჯახმა, მისი საპყრობილეში ყოფნის პერიოდში სახელმწიფოს საჩუქრად 3 უძრავი ქონება გადასცა. ბოლო ქონება მან 2010 წლის 19 თებერვალს გადასცა სახელმწიფოს და მე-3 ქონების გადაცემიდან 9 დღეში, 2010 წლის 28 თებერვალს, პატიმრობიდან გათავისუფლდა.

როგორც უკვე აღინიშნა, 2011 წელს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის ბრძანებულების საფუძველზე შპს ”შიტრიტ ჯგუფზე” ქალაქ ქუთაისში მდებარე 13 უძრავი საკუთრება გასხვისდა. დაზარალებულისა და მისი ადვოკატის თქმით, ცამეტივე ქონება ჯამში 3 143 000 ლარად გასხვისდა, რაც ამ ქონების მაშინდელ საბაზრო ღირებულებაზე 12-15-ჯერ ნაკლები იყო. მაგალითად, მხოლოდ სონა ხიჯაკაძის მიერ იძულებით ნაჩუქარი ქონების ღირებულება (გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო) აუდიტორული დასკვნის მიხედვით შეადგენდა 3 163 050 ლარს, ანუ იმაზე მეტს, ჯამში რა ფასადაც გასხვისდა მთლიანად ცამეტივე გადაცემული ობიექტი.

ადვოკატ არჩილ ნიჟარაძის თქმით, ინვესტორს დღესაც არ შეუსრულებია ხელშეკრულების მიხედვით მასზე დაკისრებული საინვესტიციო ვალდებულება: „აღნიშნულ ხელშეკრულებაში ინვესტორს მხოლოდ ერთი პირობა ჰქონდა სახელმწიფოსაგან, 13 ობიექტიდან 3 ობიექტზე განეხორციელებინა 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია 2013 წლის 1 იანვრამდე, რაც დღემდე არ შეუსრულებია. ამ სამი ობიექტიდან ერთ-ერთი გახლდათ ზურაბ ფილიპიასათვის იძულების წესით ჩამორთმეული სასტუმროს შენობა გრიშაშვილზე, თავადაც მარტივად დარწმუნდებით ერთი თვალის შევლებით, რომ იქ არა თუ რამეა გაკეთებული 2011 წლის შემდეგ, არამედ გაპარტახებულია ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი საუკეთესო შენობა, რომელიც ქალაქის იერსახეზე ბუნებრივია, უარყოფითად აისახება. ასევე არც მეორე ობიექტზე შესრულებულა „შიტრიტ ჯგუფის“ მიერ საინვესტიციო ვალდებულება, ანუ სამი ობიექტიდან ორზე არ შეასრულა საინვესტიციო ვალდებულება”,-აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მას აქვს შეკითხვები არა ინვესტორთან, რომელმაც დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა, არამედ სახელმწიფოსთან: ”მთავარი შეკითხვები დღეს ჩვენ გვაქვს მხოლოდ სახელმწიფოსთან და მის ინსტიტუტებთან. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროსთან და, რაც მთავარია ქუთაისის მერიასთან: რატომ ამბობს ქალაქ ქუთაისის მერია უარს ისედაც მწირი ბიუჯეტის პირობებში, მიიღოს 10 მილიონ ლარზე მეტი და ასევე ქალაქს საკუთრებაში დაუბრუნოს 13 ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი? ”- განაცხადა არჩილ ნიჟარაძემ.

ბიზნესმენი რაჯი ფილიპია საეჭვოდ მიიჩნევს ქუთისის მერიის ქმედებებს და მოლაპარაკებების გასაჯაროებას მოითხოვს: ”ძალიან საეჭვოდ მიგვაჩნია ქ. ქუთისის მერიის ქმედებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც პრაქტიკულად უარი განაცხადა ინვესტორის მიერ შეუსრულებელი საინვესტიციო ვალდებულებების გამო ქალაქისათვის უკან დაებრუნებინა 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის განკარგულების მიხედვით პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისებული ქონებები. მერიასა და ,,შიტრიტ ჯგუფს" შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მერია არა მხოლოდ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიც იყო გაეწყვიტა კონტრაქტი და ცამეტივე ობიექტი დაებრუნებინა ქალაქის საკუთრებაში, მათ შორის 2011 წლამდე ზურაბ ფილიპიას ოჯახის კანონიერ მფლობელობაში არსებული სასტუმროს შენობა გრიშაშვილის ქუჩაზე, ,,თეთრ ხიდთან”. მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს და გამჭვირვალე გახდეს მოლაპარაკებები ,,შიტრიტ ჯგუფთან" და აუხსნან საზოგადოებას, თუ რატომ ხდება სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე აღნიშნული კომპანიის მიმართ კიდევ ერთხელ სასათბურე პირობების შექმნა”,-განაცხადა რაჯი ფილიპიამ.

თამარ კორკოტაშვილი