გიორგი კვირიკაშვილმა ბულგარეთის მსხვილი საინვესტიციო ფონდის მფლობელს უმასპინძლა

14-16 ივლისს საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ბულგარეთის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდის "Clever Synergies Investment Fund"-ის მფლობელი ცვეტელინა ბორისლავოვა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბულგარელ სტუმარს საქართველოში მასპინძლობდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ვიზიტის ფარგლებში, ცვეტელინა ბორისლავოვა გაეცნო საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. სამინისტროს ინფორმაციით, ბულგარელი სტუმარი შეხვდა სამთავრობო და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს. მათ შორის, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

შეხვედრებისას, ასევე განხილული იყო საქართველოსა და ბულგარეთის საზღვაო პორტებს შორის არსებული საბორნე მიმოსვლის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობაც. აღინიშნა, რომ ქართველ გადამზიდავებს საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ კორპორაცია BACB-ის მსხვილი ლოგისტიკური ცენტრებით, რომელთაგან ერთ-ერთი ბალკანეთში მდებარეობს. ცვეტელინა ბორისლავოვა ასევე წარმოადგენს აღნიშნულ კორპორაციას.

ვიზიტის დროს საუბარი საქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირ საავიაციო მიმოსვლასაც შეეხო. როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ჰოლდინგი ასევე მოიცავს ტურისტულ კომპანიას, რომელიც ბულგარეთში რამდენიმე კურორტს ფლობს.  მისი განცხადებით, საუბარი იყო პარტნიორობაზე საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებსა და ბულგარეთის კურორტებს შორის, რათა გაიყიდოს ერთიანი პაკეტები.

საინვესტიციო ფონდი "Clever Synergies Investment Fund"-ი, რომლის მფლობელიცაა ცვეტელინა ბორისლავოვა, ბულგარეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო გაერთიანებაა. მისი ინტერესის არეალშია ეკონომიკის ისეთი სექტორები, როგორიცაა საპორტო ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, უძრავი ქონება, განახლებადი ენერგია, აგროსექტორი და მრეწველობა.