გერმანიის პარლამენტმა საბერძნეთისათვის 86 მლრდ ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების ინიციატივას კენჭი უნდა უყაროს

გერმანიის პარლამენტმა საბერძნეთისათვის 86 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების ინიციატივას კენჭი უნდა უყაროს.

"ბიბისის" ცნობით, როგორც მოსალოდნელია, ბუნდესტაგი აღნიშნული წინადადების რატიფიცირებას მოახდენს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი კონსერვატორი დეპუტატი ათენისათვის მორიგი ფინანსური დახმარების გადაცემის წინააღმდეგია. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოუწოდებს პარლამენტარებს, მხარი დაუჭირონ ინიციატივას, ვინაიდან ის "აბსოლუტურად დარწმუნებულია", რომ ეს ნაბიჯი კრიზისიდან გამოსვლას ხელს შეუწყობს.

საფრანგეთისა და ფინეთის პარლამენტებმა კი უკვე მოახდინეს ათენთან მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთში ბანკები სამკვირიანი დასვენების შემდეგ, მუშაობას ორშაბათს განაახლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ევროზონის ლიდერებმა 7 მილიარდი ევროს დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღეს.