სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ი/მ "ზაზა ვარდუაშვილი," ი/მ "ბექა ვარდუაშვილი" და შპს "TUSA" - ს დირექტორი გიორგი ჩარგეიშვილი.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები, რომლებიც არიან ერთმანეთის ნათესავები, ააიპ "თბილისის ზოოლოგიური პარკის"(ზოოპარკის) და შსს "სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის" გამოცხადებულ ტენდერებში, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით მონაწილეობდნენ, შემდეგ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული სუბიექტი, რომელსაც ელექტრონულ ვაჭრობაში ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა დაფიქსირებული, განზრახ არ ახდენდა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენას და არ ცხადდებოდა ხელშეკრულების გასაფორმებლად, რის შედეგადაც, ტენდერში გამარჯვებული სუბიექტის დისკვალიფიკაცია ხორციელდებოდა. ამის შემდეგ, ხელშეკრულება ფორმდებოდა მათ მიერ შეთავაზებულ უფრო მაღალი ფასის წარმდგენ სუბიექტთან, რითაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესები არსებითად ირღვეოდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195 - ე პრიმა მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.