აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის გამაგრება შესაძლოა 700 000 ლარით დაფინანსდეს

გლდანის მე-6 მიკრორაიონში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის გამაგრება შესაძლოა 700 000 ლარით დაფინანსდეს, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დაზიანებულ კორპუსს ექსპერტიზა ჩაუტარდეს და გამაგრების სამუშაოები დააფინანსონ. მისივე თქმით, სავარაუდოდ, 700 000 ლარი დასჭირდება კორპუსის აღდგენას.

"ჯერ საექსპერტო დასკვნა არ გვაქვს, მაგრამ როგორც ექსპერტები აცხადებენ, კორპუსის გამაგრება შესაძლებელია და შემდგომ რომ იქ ოჯახებმა იცხოვრონ, სარემონტო თანხად 700 000 ლარი სახელდება, ჩვენ მივეცით თანხმობა ბიუროს სხდომაზე, რათა დაიდოს საექსპერტო დასკვნები და თუ საჭირო გახდება გაიზარდოს ან შემცირდეს აღნიშნული თანხა", - განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.