აზერბაიჯანი საქართველოსთან შედარებით 80%-ით ნაკლებ ექსპორტს ახორციელებს

აზერბაიჯანი საქართველოსთან შედარებით 80%-ით ნაკლებ ექსპორტს ახორციელებს, თუ მის ნავთობსა და გაზს გამოვრიცხავთ.

როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო პორტალი Haqqin.az იუწყება, 2015 წლის პირველ ნახევარში არასანავთობო სექტორიდან უცხოეთში გატანილი პროდუქცია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით (245,3 მილიონი დოლარით) შემცირდა და, დაახლოებით, 600 მილიონი დოლარი შეადგინა.

სამხრეთ კავკასიის ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მონაცემები, რომელზეც რეგიონის ეკონომიკის 75% მოდის, თავად ბაქოელი ექსპერტებისთვის დამაიმედებელი არ არის - სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი 6,8 მილიონი დოლარით შემცირდა და 72,6 მილიონი დოლარით განისაზღვრა. თუმცა, გაცილებით სერიოზული კლება შეინიშნება მეტალურგიაში, სადაც ექსპორტი 41,2%-ით შემცირდა და 11,2 მილიონი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოს, 2015 წლის პირველ ნახევარში მთლიანმა ექსპორტმა 1 მილიარდ 82 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა, შარშანდელთან შედარებით აქაც მნიშვნელოვანი - 24%-იანი კლება დაფიქსირდა.

ბელა ნოზაძე