გიორგი აბაშიშვილი: "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს პრეზიდენტი ნეგატიურად აფასებს

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროქტთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია უცვლელია და გიორგი მარგველაშვილი მას ნეგატიურად აფასებს, - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

"პრეზიდენტის პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით თავიდანვე ნათელი იყო. პრეზიდენტი თავიდანვე ნეგატიურად აფასებდა, როგორც პროცესის მიმდინარეობას, თუ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, ასევე შინაარსობრივ მხარესაც, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფა, რადგან ეს პროცესი საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა და მეორე მხრივ, ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტირებული, პროფესიული დასაბუთება, თუ რატომ უნდა მომხდარიყო გამოყოფა", - განაცხადა აბაშიშვილმა.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა განმარტა, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არსებული ფორმით გამოყოფა, ასეთი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ძალიან სერიოზულ რისკს უქმნის ქვეყნის საფინანსო მდგრადობას, გარკვეულწილად მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, ასევე ეროვნული ბანკს, რომ მან მონეტარული პოლიტიკა ეფექტიანად განახორციელოს. "საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკას გარკვეულ რისკს შეუქმნის, მათ შორის, საინვესტიციო იმიჯის თვალსაზრისით ინვესტორთა თვალში, ალბათ, ძალიან ბევრ კითხვას გააჩენს. აქედან გამომდინარე, აფასებს პრეზიდენტი ნეგატიურად ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას ეხება", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, მსგავს გადაწყვეტილებას სჭირდება, როგორც კარგი პროფესიული დასაბუთება, ასევე აუცილებელია ევროკავშირის ექსპერტიზა და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა.  "მთელი ეს პერიოდი, მათ შორის, მე პრეზიდენტის დავალებით, ვაფიქსირებდი ამ ნეგატიურ პოზიციას. ჩვენი პოზიცია იყო მუდმივად ასეთი, რომ თუ რაიმე ტიპის ცვლილება ხდება, პირველ რიგში, ამას კარგი პროფესიული დასაბუთება სჭირდება და რაც მთავარია, საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ასოცირების დღის წესრიგის თანახმად, როდესაც ეროვნული ბანკის კანონმდებლობასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღება ხდება, აუცილებელია ამ პროცესში ევროკავშირის ექსპერტიზა, მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართვა. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია ამ საკითხზე წინასწარი კონსულტაციები, ტექნიკური შეფასების მოთხოვნა ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, განსაკუთრებით, საერთაშორისო სავალუტო ფინდისგან. როდესაც ეს პირობები ირღვევა, თავისთავად ცხადია, ეს უკვე ნეგატიურია", - განაცხადა აბაშიშვილმა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის პოზიცია, ამ პროცესში საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართვასთან დაკავშირებით, მხარდაჭერილი იყო წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების, ეკონომიკის სფეროს ექსპერტების, ბიზნესასოციაციების, საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ, ვინც ამ სფეროთი დაინტერესებულია. "თუკი არსებობს გარკვეული ტიპის განცხადებები, რომ რაღაც ფორმით საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ ჩართულები, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელი და სასურველი იქნებოდა, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამჭვირვალე ყოფილიყო", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ბუნებრივია, არ შეცვლილა და შეუძლებელია შეცვლილიყო, იქედან გამომდინარე, რომ პროფესიული დასაბუთება ამ დრომდე არ არის ნათელი, თუ რატომ ხდება გაყოფა.  "ამ დრომდე მივიჩნევთ, რომ რისკები ჩნდება ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის, საინვესტიციო იმიჯის თვალსაზრისით, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტი ელოდება კანონის ბოლო ვერსიას, რომელიც პრეზიდენტთან გადმოიგზავნება და შესაბამისად, მიიღებს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა აბაშიშვილმა.

კითხვაზე - დაადებს თუ არა პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს, აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია, "თუმცა ყველა წესის დაცვით უნდა ვნახოთ კანონის საბოლოო ვერსია".

პარლამენტმა გუშინ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გაყვანას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი, უქმდება.

განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების წესს და მისი ხელმძღვანელის არჩევის საკითხს. ასევე სააგენტოში შიდა აუდიტორული სამსახურის შექმნა გადაწყდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის და მისი პირველი მოადგილის თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა როგორც პარლამენტში, ასევე საბანკო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის თემად იქცა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტი საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს გამოყენებას აპირებს.