თბილისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ვაშინგტონში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება

თბილისის სტიქიასთან დაკავშირებით დღეს, ვაშინგტონში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება ვაშინგტონში აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართება.

სამინისტროს განცხადებით, აქციის ფარგლებში ორგანიზატორები დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა სახის პროდუქტს შესთავაზებენ, რომელიც აუქციონის წესით გაიყიდება. შემოსული თანხა აშშ-ში საქართველოს საელჩოში გახსნილ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან კომპანია Compass Rose და კომპანია "ქართული ღვინის სახლი". ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სტუმარი პოპულარული ამერიკელი ჟურნალისტი, NPR-ის წამყვანი დევიდ გრინი იქნება. საქველმოქმედო საღამოს აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე გახსნის.

"თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების სოლიდარობის ნიშნად, აშშ-ში საქართველოს საელჩომ ასევე წამოიწყო სოციალური კამპანია #13 June, რომლის ფარგლებშიც ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მდივანი, დონალდ რამსფელდი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი და კონგრესმენი ელიოტ ეინჯელი. აღნიშნულ სოციალურ ვიდეოს, რომელიც საელჩოს Facebook გვერდზეა განთავსებული უკვე მრავალი მიმდევარი ყავს", - განაცხადეს სამინისტროში.