"რუსული კაპიტალი მეტწილად ოთხი მიმართულებით მიემართება"

"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა" საქართველოს ეკონომიკაში რუსული კაპიტალის მოცულობის კვლევის ანგარიში წარადგინა

,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა" 12 მაისიდან 12 ივლისამდე განხორციელებული პროექტის ანგარიში წარადგინა. ცენტრის ცნობით, ანგარიშის მიზანი იყო, რუსული კაპიტალის მოცულობის დადგენა საქართველოს ეკონომიკაში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ რუსული კაპიტალი მეტწილად ოთხი მიმართულებით მიემართება ესენია: ელექტროენერგია, წყალმომარაგება, მადნეული, მინერალური წყლები. ამ ჩამონათვალიდან მნიშვნელოვნად ლიდერობს ელექტროენერგია, ხოლო წყალმომარაგების მიმართულებით, ინვესტიცების მოზიდვა განხორცილდა 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ.

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ობიექტთა უმრავლესობის გასხვისება განხორცილდა 2003 წლიდან 2012 წლამდე ასევე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს თუ რა ობიექტების გასხვისება განხორცილდა ამ პერიდოში: თბოსადგურ "მტკვარი ენერგეტიკას" - 2003 წელი რუსული წილი 100%; "ხრამჰესი 1", "ხრამჰესი 2" – 2011 წელი რუსული წილი 100%; "დარიალი ჰესი" - 2011 წელს გაფორმებული მემორანდუმი; "ლარსი ჰესი" - 2011 წელი გაფორმებული მემორანდუმი; "შილდა ჰესი" - 2012 წელი გაფორმებული მემორანდუმი; "ჟინვალჰესი" - მფლობელი - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", რომელმაც ფაქტობრივად არსებული მნიშვნელოვანი წყალსაცავების შესყიდვა მოახდინა 2008 წლის ომის შემდგომ.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, კვლევის ფარგლებში გამოვლინდა მეტად საინტერესო ფაქტი, კერძოდ, საქართველო-რუსეთის 2008 წელს მომხდარი ომის შემდეგ საქართველოს მხარე, 2009 წელს რუსულ მხარესთან შეთანხმებით, გადაწყვეტილებას იღებს "ენგურჰესის" ერთობლივი მართვის შესახებ.

"უნდა აღინიშნოს შემდეგი გარემოება, რომ საქართველო 2003-2008 წლებში სტრატეგიულ ობიექტთა ნუსხას ამცირებს და მის რაოდენობას ხუთ ობიექტამდე განსაზღვრავს.

თუკი კარგად დავაკვირდებით კვლევის შედეგებს, რუსული მხარე ფლობს იმ ობიექტთა უმრავლესობას, რომლიც საქართველოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით სტაბილურობის გარანტიებს წარმოადგენს, ხოლო მათი გასხვისება საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან განხორცილდა, რაც უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხობს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.