ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური 2 მილიონი ევროს ღირებულების ჭურჭელს შეიძენს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) მაღალი რანგის სტუმრების გამასპინძლების მიზნით 2 მილიონი ევროს ღირებულების მდიდრულ ჭურჭელს შეიძენს.

ბრიტანული „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, გამოცემას ხელთ ჩაუვარდა დოკუმენტი, რომლის თანახმად, ევროკავშირის დიპლომატიურმა უწყებამ ტენდერი გამოაცხადა დიდი რაოდენობით ძვირად ღირებული ჭურჭლის შეძენაზე.

„ტელეგრაფის“ ცნობით, მაღალი რანგის სტუმრების პატივსაცემად გამართული ბანკეტებისა და ოფიციალური სადილებისთვის შესაძენი ჭურჭლის ჩამონათვალში დასახელებულია ვისკის, ბრენდისა და შამპანურის ასობით ბროლის ჭიქა, ვერცხლის ყინულის თასი, ვერცხლის დანა-ჩანგალი და ფაიფურის ჭურჭელი, რომელზეც ევროკავშირის ოქროს ემბლემა იქნება დატანებული.

EEAS ჭურჭელს ბრიუსელის ოფისისა და მსოფლიოში არსებულ 140 ფილიალისთვის, 3 600 პერსონაზე შეიძენს. "ტელეგრაფის" ცნობით, მთლიანი კომპლექტი იმაზე ათჯერ მეტი დაჯდება, ვიდრე თეთრი სახლის მიერ ცოტა ხნის წინ შეძენილი ჭურჭელი.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის შექმნა 2009 წლის ლისაბონის შეთანხმებით გადაწყდა. EEAS-ს ფედერიკა მოგერინი ხელმძღვანელობს, უწყებაში 3 400 თანამშრომელია და მისი ბიუჯეტი 793 მილიონი ევროა.