ბიზნესსექტორები, რომელსაც კონკურენციის სააგენტო სწავლობს - ვინ იქნება შემდეგი?

8-თვიანი კვლევის შემდეგ კონკურენციის სააგენტომ ნავთობ­პროდუქტების ბაზარზე მოქმედი კომპანიები 54.698.329 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს 50-ტომიან დასკვნაში 1200 გვერდია.

ნავთობსექტორის გარდა, კონკურენციის სააგენტოში კიდევ რამდენიმე საქმის მოკვლევა მიმდინარეობს. სააგენტო საკუთარი ინიციატივით იკვლევს საავიაციო ნავთის სასაქონლო ბაზარს, ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაცია "გლობალაგროს" წევრთა შესაძლო კარტელურ შეთანხმებას, შავი ზღვის პორტებში ნავთობტერმინალთა საქმიანობას.

განცხადების ან საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტო სწავლობს ავტოგაზის, ხორბლის, ფქვილის სასაქონლო ბაზრებს და შპს "ლიტექსი-სერვისის" საჩივრის საფუძველზე "თბილსერვის ჯგუფის" მიერ "კონკურენციის შესახებ" კანონის სავარაუდო დარღვევას. საქმე ეხება მის საკუთრებაში არსებული ნაგავსაყრელების გამოყენებაზე უარის თქმას. ასევე სააგენტო სწავლობს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების (ხაშურის, ასპინძის, აბაშისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტები) მიერ სპეციალური ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვების დროს "კონკურენციის შესახებ" კანონის მე-10 მუხლის შესაძლო დარღვევას (შპს "ინტერტექნიქსის" განცხადების საფუძველზე); "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანია შპს "ტრანს კავკასუს ტერმინალსის" მიერ დომინირებული მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას - შპს "ჯორჯიან ტრანს ექსპედიციის" საჩივრის საფუძველზე.

გარდა ამისა, სააგენტოში მიმდინარეობს "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" შეტყობინების განხილვა შპს "გნ კო"-ს (ინგოროყვას კლინიკა) წილთა 50%-ის შესყიდვასთან დაკავშირებით და ყავის სასაქონლო ბაზრის მონიტორინგი.

ლევან კალანდაძე: "ვინ უნდა იყოს შემდეგი? აუცილებლად კომუნიკაციების სფერო, განსაკუთრებით ინტერნეტპროვაიდერები. მეორე სფერო, რითაც უნდა დაინტერესდეს კონკურენციის სააგენტო, ხორბლისა და ფქვილის ბაზარია და მესამე - ლეგენდარული ფარმაცევტული სექტორი გახლავთ".