მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობები აღკვეთეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ნინოწმინდა", 5 ამპულა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი "ტრამადოლი" აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მედიკამენტი სომხეთის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე პ.ვ.-ის კუთვნილ ავტომანქანაში იყო დამალული. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ვალე". კერძოდ, პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა გერმანიის მოქალაქე ვ.ე., რომლის ხელბარგის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა Tramadolhydrochlorid-ის შემცველი მედიკამენტი "ტრამალი" (10 კაფსულა) აღმოაჩინეს. აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩნდა თურქეთის მხრიდან შემოსულ ირანის ორ მოქალაქესაც.

კერძოდ, ე.ც.-ის ხელბარგში 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი DIPHENOXYLAთE, ხოლო ს.მ.-ის ხელბარგში ნარკოტიკული ნივთიერებისა (კოდეინის) და ფსიქოტროპული ნივთიერების (ფსევდოეფედრინის) შემცველი მედიკამენტები: ACETAMINOPHEN CODEINE - 5 აბი და COLDAX - 5 აბი აღმოაჩინეს. 17 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტის "სედალგინ ნეოს" შემოტანა სცადა 19 ივლისს აზერბაიჯანის მოქალაქე ჰ.ჰ.-მ.

აღნიშნული საქმეები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს სპდ სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.