გამყოფი ხაზის სოფლებში სოფლის მეურნეობის პროექტები დაფინანსდა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) პროექტის მხარდაჭერით 67 სოფლიდან 1500 ფერმერული მეურნეობა დაფინანსდა.

ამის შესახებ პალიტრა TV -ს გადაცემა ”საქმეში” USAID-ის NEO-პროექტის სოფლის მეურნეობის სპეციალისტმა ედუარდ შერმადინმა ისაუბრა.

მისივე თქმით, დახმარების შედეგად გაფართოვდა ბოსტნეულის, მწვანილისა და ჟოლოს ღია გრუნტი და სასათბურე მეურნეობები.

როგორც ედუარდ შერმადინმა განაცხადა, პროექტის ფარგლებში მოხვედრილი სოფლები გამყოფი ხაზის სოფლებია. ”ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, USAID-ის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების პროექტმა განსაკუთრებით ყურადღება გამყოფი ხაზის ირგვლივ არსებულ სოფლებს მიაქცია. საუბარია 67 სოფელზე. ჩვენ ამ სოფლებში, იმ საჭიროებებიდან გამომდინარე ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც ფერმერებს ჰქონდათ. რადგან ეს პროექტი მიმდინარე წელს უკვე სრულდება, გვინდოდა შედეგი დაენახა როგორც ფერმერებს, ასევე პროექტს. შესაბამისად, აქცენტი ისეთ კულტურებზე გაკეთდა, რომლის მყისიერი ეფექტის ნახვაც ფერმერს შეუძლია”,- აღნიშნა ედუარდ შერმადინმა.

მისივე ინფორმაციით, გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებულ მეურნეობებს, აფხაზეთის მთავრობამ სასათბურე კონსტრუქციები გადასცა. NEO პროექტმა კი სათბურები შესაბამისად აღჭურვა: ”ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვქონდა აფხაზეთის მთავრობასთან. აფხაზეთის მთავრობამ, დაახლოებით, 3 ჰექტარ ნახევრამდე სასათბურე კონსტრუქცია გადასცა გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებულ ფერმერებს, სამეგრელოსა და შიდა ქართლის ზონაში. თუმცა, NEO პროექტმა თავის მხრივ, სათბურები აღჭურვა. ფერმერებს უკვე შესაძლებლობა აქვთ აწარმოონ და გაიტანონ ბაზარზე პროდუქცია იმ პერიოდში, როდესაც ღია გრუნტზე პროდუქცია არ იქნება”,-განაცხადა ედუარდ შერმადინმა.