გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ" საქართველოს კანონს აქვეყნებს.

აღნიშნული კანონის თანახმად, სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის ოჯახის წევრზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოიყოფა სარიტუალო მომსახურების თანხა შემდეგი ოდენობით: ქალაქ თბილისში – 350 ლარი, თვითმმართველ ქალაქებში – 300 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტებში – 250 ლარი.

კანონის თანახმად, "სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანის, პირველი რიგის კანონით, ერთ-ერთ მემკვიდრეზე (შვილ(ებ)ი, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) სამსახურის ბიუჯეტის ასიგნებებიდან გაიცემა ერთჯერადი დახმარება 500 ლარის ოდენობით შემდეგი პირების გარდაცვალებისას:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილის;

ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის.

დახმარების მიღების მიზნით გარდაცვლილის ოჯახის წევრმა სამსახურში უნდა წარადგინოს: განცხადება სამსახურის დირექტორის სახელზე, გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობა (მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, ცნობა პოლიციიდან მოწმობის დაკარგვის შესახებ), განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებლად ან კანონით/ანდერძით მემკვიდრეობით დახმარების მიღების მიზნით, სამსახურში აგრეთვე უნდა იქნეს წარმოდგენილი:

ა) გარდაცვლილის შვილის შემთხვევაში, დაბადების მოწმობის ასლი;

ბ) გარდაცვლილის მეუღლის შემთხვევაში, ქორწინების მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილის მშობლის შემთხვევაში, გარდაცვლილის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) კანონით ან ანდერძით მემკვიდრის შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობა.

ოჯახის წევრს 500 ლარიანი დახმარების მიღების უფლება აქვს 2015 წლის შემდგომ გარდაცვლილ ვეტერანზე, პირის გარდაცვალებიდან ერთი წლის განმავლობაში", - ნათქვამია კანონში.