მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხი ჯანდაცვის კომიტეტში ჩავარდა

მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრაზე ორჯერ დადგა.

განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ იმ მიზეზით მიიღო, რომ პირველ კენჭისყრისას მასში მონაწილეთა უმრავლესობამ საკითხს მხარი დაუჭირა. თავდაპირველ კენჭისყრისას დეპუტატ გოგა ხაჩიძის პროექტს მხარი ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საკითხი კომიტეტის მხრიდან მხარდაჭერილი იყო. ეს ხუთი დეპუტატი პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები იყვნენ. ამის შემდეგ კენჭისყრა განმეორებით ჩატარდა, რა დროსაც კანონპროექტის მოწინააღდეგეთა რაოდენობა უფრო მეტი აღმოჩნდა, რადგან კენჭისყრის პროცესში უმრავლესობის ის წარმომადგენლები ჩაერთნენ, რომლებიც ხაჩიძის პროექტის წინააღმდეგ გამოდიან.

კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომიტეტი მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წინანადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მარიხუანას მოხმარების სრული დეკრიმინალიზაცია არ მოხდეს, მაგრამ ამ ქმედებაზე პატიმრობა, როგორც სასჯელის ფორმა, ისე არ იყოს გამოყენებული. კანონპროექტის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს ცხარე კამათის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.