"ქართული" ბაყაყების ექსპორტი ჩავარდა, იმპორტი კი მატულობს

"ბოლო წლებში ეგზოტიკურ მენიუს ქართველებიც ეტანებიან"

21-ე საუკუნემ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს დაუახლოვა. ისინი მოგზაურობენ და ეძებენ რაღაც ახალს, ეგზოტიკურს, რაც მათთვის უცხოა. გამონაკლისი ამ მხრივ არც კულინარიაა: არის ხალხი, ვისაც ღამურას ან ტარანტულის ხორცი შემწვარ კარტოფილსა და ქათმის ხორცს ურჩევნია, ზოგიერთი ტურისტი კი, საფრანგეთში მარტო ეიფელის კოშკის სანახავად კი არა, ბაყაყის თათების დასაგემოვნებლადაც ჩადის, ხოლო კამბოჯაში - გველის სუპის გასასინჯად. არაერთ ქვეყანაში ღამურას ან ბაყაყის ხორცისაგან დამზადებული კერძები ისევე უყვართ, როგორც საქართველოში საცივი ან ხაჭაპური. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ფრინველის გრიპის და სხვა დაავადებების გავრცელების გამო, ბაყაყის ხორცზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ალბათ ამიტომაც 5-6 წლის წინ საქართველოში ბაყაყების მოშენება და საფრანგეთში გატანა დაიწყეს. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ტბის ბაყაყის გემო ევროპელებს ძალიან მოსწონდათ, მაგრამ ამ ბიზნესმა არ გაამართლა.

ბაყაყის თათების ექსპორტი ბოლოს 2010 წელს დაფიქსირდა: მაშინ საფრანგეთში 1 100 კილოგრამი ბაყაყის თათების ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2009 წელს ჩვენი ქვეყნიდან საფრანგეთში 4 175 კგ ცოცხალი ბაყაყი გაიყვანეს. საბოლოოდ, "ქართული" ბაყაყების ექსპორტი ჩავარდა, მაგრამ მოიმატა იმპორტმა: "საქსტატის" მონაცემებით, 2014 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოში ბაყაყის თათების იმპორტი სამჯერ გაიზარდა: ქვეყანაში 0,3 ტონა პროდუქტი შემოვიდა, ეს მაშინ, როდესაც 2013 წელს საქართველოში მხოლოდ 0,1 ტონა ბაყაყის თათები შემოიტანეს. მომატებულია ამ პროდუქტის ფასიც: 2014 წელს 1 კგ ბაყაყის თათების ფასი 2,3 დოლარითაა გაძვირებული. საქართველოსთვის ბაყაყის თათების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა დანიაა.

ბაყაყის ხორცს ძირითადად ჩვენი უცხოელი სტუმრები ეტანებიან, თუმცა როგორც ჩანს, მას ქართველებიც მიირთმევენ - იშვიათად, მაგრამ მაინც... რესტორან "ლე მარეს" დირექტორი მონიკა მოსიძე ამბობს, რომ ქართველები ეგზოტიკურ კერძებს ნაკლებად ეტანებიან, მაგრამ 5-6 წლის წინანდელ სიტუაციას თუ შევადარებთ, ეგზოტიკური კერძების რეალიზაცია საგრძნობლად გაიზარდა: "ქართულ სამზარეულოში არ გვაქვს ბაყაყის ხორცი და არც ასეთ კერძებს მივირთმევთ, მაგრამ უცხოეთში მიმოსვლამ, ინფორმაციის გაცვლამ ეგზოტიკურ მენიუზე მოთხოვნა თავისთავად გაზარდა. ჩვენი კლიენტები, ვინც ასეთ კერძებს გვიკვეთავს, სადღაც სტუმრად იყვნენ, გასინჯეს, მოეწონათ, მის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ეგზოტიკურ კერძებს საქართველოშიც აგემოვნებენ. ამიტომ, მსგავსი კერძები ჩვენს სამზარეულოშიც მზადდება. ათი, ან ოცი წლის წინ საზღვარგარეთ ნაკლები რაოდენობის ხალხი გადიოდა, ინფორმაციაც ნაკლები იყო და ასეთ გამორჩეულ საკვებს ძირითადად უცხოელები ეტანებოდნენ, ახლა კი, ქართველებიც უკვეთავენ, თუმცა მათი რაოდენობა დიდი არ არის".

მონიკა მოსიძის თქმით, რესტორნების ქსელში ბაყაყის თათების გასაყიდი ფასი 20-დან 25 ლარამდე მერყეობს, ხოლო 1 კგ ბაყაყის თათის შესყიდვა 39,85 ლარი ღირს.

"ბაყაყის ხორცი მეც გამისინჯავს, ვიცი, რომ მასში ქოლესტერინის დონე ძალიან დაბალია, თანაც, საკმაოდ გემრიელია. ჩვენს ქვეყანაში  ბაყაყის ხორცისგან დამზადებული დელიკატესები ბევრს მოსწონს. ისე კი, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი კულინარიული გემოვნება საკმაოდ კონსერვატიულია: ქართველები უცხო ქვეყნებში ხშირად მოგზაურობენ, მიირთმევენ სხვადასხვა კერძებს, მაგრამ მაინც ჩვენს ეროვნულ სამზარეულოს ამჯობინებენ", - აღნიშნავს მონიკა მოსიძე.

ჩინურ რესტორან "ახალ აზიაში" მრავალფეროვან ეგზოტიკურ კერძებს შორის ბაყაყის ხორცის კერძიც არის. როგორც რესტორნის მენეჯერმა, ქეთევან ერკოშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ბაყაყის ხორცისაგან არა ერთი დელიკატესი მზადდება, მას ძირითადად სოუსებში იყენებენ.

"ამ კერძებს ქართველებიც გვიკვეთავენ და უცხოელებიც, თუმცა ჩვენს ადგილობრივ კლიენტებს შორის მასზე ძალიან დიდი მოთხოვნა არ არის. ბაყაყის ხორცისაგან დამზადებულ საკვებს ძირითადად ეგზოტიკური კერძების მოყვარულნი ყიდულობენ. ძალიან მოსწონთ უცხოელ სტუმრებსაც. ერთი ულუფა 18 ლარი ღირს და ამ კერძში სამი ბაყაყი შედის", - აღნიშნავს რესტორან "ახალ აზიას" მენეჯერი.

ქეთევან ერკოშვილის თქმით, ქართველ კლიენტებს ყველაზე მეტად ზღვის პროდუქტები და მათგან დამზადებული კერძები მოსწონთ, მაგალითად: კრევეტები, კალმარები, ზღვის პროდუქტების ასორტი და ა.შ... თუმცა, ახლა უკვე ზაფხულია და ეგზოტიკური კერძების მოყვარულებმა საქართველოს კურორტებზე და ზღვისპირა ქალაქებში გადაინაცვლეს.

"გამორჩეული, ეგზოტიკური კერძები ქართველებსაც ძალიან მოსწონთ", - გვითხრა რესტორან "ლა ტრუფეს" მენეჯერმა თათა მერებაშვილმა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ბაყაყის, ან გველის ხორცისაგან არაფერი მზადდება, ეგზოტიკური კერძების მოყვარული კლიენტების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. ბოლო წლებში ამ ტენდენციამ აშკარად მოიმატა. ამიტომ, გვაქვს სპეციალური საფირმო კერძები, რომლებიც ყველას ძალიან მოსწონს. მათ ძირითადად უცხოელები გვიკვეთავენ, თუმცა, უცხო დელიკატესებს ადგილობრივი კლიენტურაც ეტანება", - აღნიშნა თათა მერებაშვილმა.

ხათუნა ჩიგოგიძე