რუსეთში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკიდან ღვინის იმპორტი გაიზარდა

2015 წლის პირველ ნახევარში რუსეთში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკიდან ღვინის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რუსული მედიის ცნობით, პირველ ნახევარში, რუსეთში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკიდან 7,7 მილიონი ლიტრი ღვინო შევიდა, რაც 26,3%-ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

"აფხაზეთი რუსეთის ეკონომიკის ნაწილია, სადაც რუსული ვალუტა მოქმედებს. შესაბამისად, აფხაზურ ღვინოზე ფასები ისე არ გაზრდილა, როგორც ევროპულ ღვინოზე", - აღნიშნა რუსმა ექსპერტმა ვადიმ დრობიზმა.

"მისტრალ ალკო" მოსკოვის აფხაზური დიასპორის თავმჯდომარის ბესლან აგრბას კომპანია "მისტრალს" ეკუთვნის. "მისტრალ ალკო" რუსეთში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკიდან ღვინის ერთადერთი, "ექსკლუზიური" მიმწოდებელია. არსებული ინფორმაციით, რუსეთში აფხაზური ღვინის საცალო ფასი 400 რუბლია.

რაც შეეხება საქართველოდან, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ღვინის იმპორტი 59,7%-ით შემცირდა. უწყების ინფორმაციით, საქართველოდან ღვინის იმპორტმა 21,8% შეადგინა.

რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 2014 წელს გამოკითხვაში მონაწილეთა 23%-მა განაცხადა, რომ ქართულ ღვინოს მოიხმარდა, 22,5%-მა კი აღნიშნა, რომ უპირატესობას აფხაზურ ღვინოს ანიჭებდა.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის პირველ ნახევარში რუსეთში ღვინის იმპორტი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 38,5%-ით შემცირდა. ამის მთავარ მიზეზად რუსეთში რუბლის დევალვაციასა და რუსების ხარჯების შემცირებას ასახელებენ.

ღვინის იმპორტთან ერთად, მკვეთრად შემცირდა რუსეთში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების მხრიდან ღვინის მიწოდებაც, მათ შორის ესპანეთიდან 24,6%-ით, იტალიიდან - 33,8%-ით და საფრანგეთიდან 51,1%-ით. თითქმის ორჯერ შემცირდა იმპორტი არგენტინიდან, გერმანიიდან და აშშ-დან.