"ადგილი, სადაც "პანორამა თბილისი" უნდა აშენდეს, ინტენსიურად დამეწყრილია"

რა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს გეოლოგი

"პანორამა თბილისის" მშენებლობაზე ეკონომიკის სამინისტრომ ნებართვა გასცა, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ასეთი მასშტაბური პროექტების მშენებლობა საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე არ უნდა ხდებოდეს.

გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დამოუკიდებელი ექსპერტი ირაკლი მიქაძეს იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც "პანორამა თბილისის" მშენებლობას მოჰყვება.

- მე პირველ რიგში, როგორც გეოლოგი "პანორამა თბილისის" მშენებლობის ავკარგიანობას შევაფასებ. "პანორამა თბილისი", სადაც უნდა აშენდეს, მამა დავითის მთის ჩრდილოეთი კალთაა, რომელიც აგებულია ადვილადეროზირებადი ქანებით და ამის გამო ინტენსიურად დამეწყრილია. ამგვარ ქანებზე ურბანული დატვირთვა: გზების გაყვანა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნაგებობების ასაშენებლად ქვაბულების ამოღება, კომუნალური კომუნიკაციების მოწყობა და ა.შ. მეწყრულ პროცესებს უფრო გაააქტიურებს და საბოლოოდ, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ისედაც სენსიტიურ ფერდობს. ჯერჯერობით ბუნება იტანს არასწორ ურბანულ დატვირთვებს, მომავალში ვეღარ გაუძლებს და თავის სიტყვას იტყვის, რაც სამწუხაროდ, ისევ და ისევ, თავს დაატყდება თბილისსა და მის მოსახლეობას...

არ შეიძლება ასეთი ღონისძიების შესრულება ერთი ადამიანის სურვილის გამო. ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვიწვნიეთ დროებით აღზევებული პიროვნებების მხრიდან დაუფიქრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების შედეგები. სამწუხაროა, რომ ჭკუა ვერ ვისწავლეთ, რადგან ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. მამა დავითის მთის ჩრდილოეთი ფერდობი სპეციალისტების მიერ მრავალმხრივ უნდა იქნას შესწავლილი, სამშენებლო პროექტი დასაბუთებული და დასკვნები გამოტანილი, შეიძლება თუ არა იქ ასეთი გრანდიოზული მშენებლობის განხორციელება. მაინცდამაინც დამეწყრილ ფერდობებზე რატომ უნდა აშენდეს ასეთი მონუმენტური ნაგებობები, როდესაც თბილისში მრავალი საინტერესო და უსაფრთხო ადგილია?

- გასაკვირია, მაგრამ თბილისში ბევრი ნაგებობა სწორედ ისეთ ადგილებში შენდება, სადაც გეოლოგიური თვალსაზრისით დაუშვებელია. ეს რანაირად ხდება?

- დიახ, ყველას ქალაქის ცენტრში და მათ შორის, მამა დავითის ჩრდილოეთ კალთაზე სურს შენობების აგება. არადა, ამ ფერდობის ურბანული დატვირთვა უარყოფითად იმოქმედებს გარემოზე და გაააქტიურებს გეოლოგიურ პროცესებს. რა საჭიროა ასეთი ფეოდალური ციხე-სიმაგრეების მშენებლობა მთის კალთებზე, რომელიც დამეწყრილი და სენსიტიურია?!

-მეორე მხარეა, თუ რა სიკეთეს მოუტანს ეს ყველაფერი თბილისს და მის მოსახლეობას...

-სამომავლოდ დიდ სიკეთეს ვერ მოუტანს, უფრო დაამძიმებს მამა დავითის ჩრდილოეთ კალთას და უარყოფითად შეცვლის გარემოს. ბევრად უკეთესი იქნება, რომ სახსრები გამოყენებული იქნას ამ ტერიტორიის ფარგლებში იმ პირველადი და აუცილებელი ღონისძიებების განსახორციელებლად, რომელიც ხელს შეუწყობს მეწყრული პროცესების სტაბილიზაციას, თუნდაც მწვანე ნარგავების განაშენიანება და ამ ტერიტორიის რეკრეაციულ ზონად გადაქცევა, რომელიც შეასრულებს ქალაქის ფილტვების ფუნქციას. მეორეს მხარივ, ძველი თბილისის ფარგლებში - სოლოლაკში, მთაწმინდაზე, გრიბოედოვის ქუჩასა და კიდევ სხვა მრავალ ადგილას, თბილისელების ამორტიზებული სახლები კრიტიკულ მდგომარეობაშია. ქალაქს არა აქვს რამდენადმე გამართული გამწმენდი ნაგებობები, კანალიზაციისა და ნაგვის გადამუშავების თანამედროვე სისტემები. ახალმა მრავალსართულიანმა მშენებლობებმა ქალაქი ბეტონის ჯურღმულად გადააქცია, კატასტროფულად მცირდება პარკებისა და ფიჭვის კორომების ფართობები. ქალაქს ფაქტობრივად, აღარ დარჩა დასვენების საზოგადოებრივი სივრცეები. ქალაქი გადაივსო მეორადი ავტომობილებით, რომლებიც სასტიკად აბინძურებენ ატმოსფეროს და გადაიქცნენ საზოგადოების დამანგრეველ იარაღად. ავტომობილებმა დაიკავეს ქალაქის გზები, საფეხმავლო ტროტუარები და ბილიკები, უკვე შევეჩვიეთ საცობებს მთელი დღის განმავლობაში.

ამ მდგომარეობაში მყოფი თბილისის ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ გამონახოს საშუალებები ქალაქის ცენტრის განსამუხტავად, თუნდაც შემოვლითი სარკინიგზო ხაზის გადატანის გზით, ნებას რთავს "პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელებას, რომელიც გამიზნულია მხოლოდ ძალზე მცირერიცხოვანი, მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანების სურვილების დაკმაყოფილებისთვის. ქალაქის მმართველობის ამგვარი გაუაზრებელი და სპონტანური გადაწყვეტილებები აუნაზღაურებელ, როგორც მატერიალურ, ასევე ჯანმრთელობის მხრივ და ფსიქიკურ პრობლემებს მოუტანს თბილისელებს და მის შთამომავლობას. თბილისელებმა ამაზე ხმა უნდა ამოვიღოთ, ვიდრე გვიან არ არის, ქმედითი ღონისძიებები მივიღოთ ამგვარი არასწორი და ქალაქის განვითარების საწინააღმდეგო მოვლენების მიმართ. თბილისი იყო და უნდა დარჩეს საერთო სახალხო საკუთრებად და მის ფარგლებში მხოლოდ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული.

ლალი ფაცია

წყარო: AMBEBI.GE