"მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება გამოიწვია"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება გამოიწვია.

როგორც წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იმისათვის, რომ ქვეყანაში მძიმე ვითარება არ შეიქმნას, აუცილებელია ქვეყნის ხელისუფლებამ უმცირესობის რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

,,ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ სწორედ ასეთი შედეგი მოიტანა. ხალხი ელოდებოდა ცხოვრების გაიაფებას, მეტ შემოსავლებს. დღეს საპირისპიროდ ხდება ყველაფერი და იმის გამო, რომ მთავრობამ თავი შეინარჩუნოს, სუბსიდირებას გააკეთებს. ყველაფრის სუბსიდირებას კი ბიუჯეტი ვერანაირად ვერ გაუძლებს. ეს პირიქით ლარის კურსზე იმოქმედებს და მოსახლეობის შემოსავლებსაც დაეტყობა. ამიტომ დროულად უნდა მიიღოს მთავრობამ ის რეკომენდაციები, რომელიც შეთავაზებული იყო უფრო ლიბერალური ნაბიჯების გადადგმით. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ დამძიმდება ქვეყანაში ვითარება", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს გარეშე 3,348 თეთრით გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

"ენერგო-პრო ჯორჯია" ტარიფის ზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.