თურქული მედიის წარმომადგენლები აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით 27-29 ივლისს მორიგი მედიატური ტარდება. მათივე ცნობით, საინფორმაციო ტურის ფარგლებში მოწვეულია 11 ჟურნალისტი თურქეთის შავიზღვისპირა რეგიონის ქალაქებიდან (რიზე, სამსუნი, ართვინი, ტრაპიზონი).

თურქული მედიის წარმომადგენლები სამი დღის მანძილზე გაეცნობიან რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, დაათვალიერებენ ბათუმის ღირშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღსა და ქედის ღვინის სახლს. აღსანიშნავია, რომ მედია ჯგუფში ძირითადად ჟურნალისტთა ასოციაციების და საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელი პირებია გაერთიანებული. მათი შერჩევა თურქეთში საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით მოხდა.

მედია ტური თურქეთში მიმდინარე სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ხორციელდება. 2015 წელს ტურიზმის დეპარტამენტმა მხოლოდ თურქეთიდან წამყვანი მედიის 31 ჟურნალისტსა და მსხვილი ტურისტული კომპანიების 23 წარმომადგენელს უმაპინძლა. ბლოგერი ჟურნალისტების მიერ ბოლო ორი თვის მანძილზე აჭარა-ბათუმის შესახებ 200-მდე სარეკლამო ხასიათის პოსტი და 37 სტატია გამოყვეყნდა. სტატიებისა დ ბლოგების წვდომამ 9 მილიონი შეადგინა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი წლევანდელ სეზონზე აქტიურად აგრძელებს პიარ-აქტივობების განხორციელებას სხვადასხვა სამიზნე ქვეყანაში. აგვისტოს თვეში დაგეგმილია ბელორუსის, ისრაელისა და აზერბაიჯანის მედიის წარმომადგენლების ვიზიტი, რაც ცხელი სეზონის გაშუქებასა და რეგიონის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.