"თუ ყველას საკუთარი მანქანით გადაადგილება მოუნდება, თბილისი ამის შესაძლებლობას არ იძლევა"

თუ ყველა ქალაქელს მოუნდება საკუთარი მანქანით გადაადგილება, თბილისი ამის შესაძლებლობას ნამდვილად არ იძლევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა.  ჯავახიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა, რომელიც ოფიციალურად დღეს გაიხსნა.

"თბილისი იმდენად გადაიტვირთა მოსახლეობით, შეუძლებელია დახურული კვანძები გავხსნათ როგორმე, თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძალიან ინტენსიური განვითარება. თუ ყველა ქალაქელს მოუნდება საკუთარი მანქანით გადაადგილება, თბილისი ამის შესაძლებლობას ნამდვილად არ იძლევა. ამიტომ მეტრო ძალიან მნიშვნელოვანია და ამდენი ხნის დაკონსერვებული პროექტის ბოლომდე მიყვანის მცდელობა მისასალმებელია", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, თუმცა შემდეგ სამუშაოები შეჩერდა. 2013 წელს კი ახალი პროექტი ესპანურმა კომპანიამ მოამზადა. პირველი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2014 წელს გამოცხადდა, თუმცა, ჯავახიშვილის თქმით, მაღალკვალიფიციურმა მშენებლებმა, სამწუხაროდ, მასში მონაწილეობა არ მიიღეს და ტენდერი ჩაიშალა. ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში ესპანურმა კომპანიამ ASSIGNIA KOBRA გაიმარჯვა.

მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა დღეს განახლდა და 2 წელიწადში დასრულდება.