საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოების კეთილმოწყობა დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ეზოების კეთილმოწყობა დაიწყო. პირველ ეტაპზე იმ 31-მდე საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა მოხდება, სადაც ამ მიმართულებით ყველაზე მწვავე პრობლემაა. მოპირკეთდება ეზოს ზედაპირი, მოეწყობა სპორტულ-გასართობი მოედნები. ბავშვების უსაფრთხოების მიზნით მიწის გარკვეულ საფარზე კაუჩუკის ფილები დაიგება. დაიდგმება საბავშვო ატრაქციონი (სასრიალო პლატფორმითა და გასაძრომებით), აიწონა-დაიწონა, ღერძის გარშემო მბრუნავი კონსტრუქცია.

,,პარადოქსია, მაგრამ საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოების დიდ ნაწილში გასართობი კონსტრუქციები - საქანელები და სასრიალოები, სპორტული მოედნები, საკმაოდ ძველია ან საერთოდ არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ეზოების მოწყობა გადაწყვიტა. პირველ ეტაპზე, ამ მხრივ ყველაზე პრობლემური ბაღები შევარჩიეთ, დანარჩენებში კი აღნიშნული საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება", - განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

ეზოების კეთილმოწყობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 800 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა "აისი" აწარმოებს.