თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს ობიექტების მშენებლობაზე მომუშავე კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს არ გამორიცხავს

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი უწყების მშენებარე ობიექტებზე მომუშავე კომპანიებს მიმართავს და მოუწოდებს, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა, კომპანიების მიერ შეიარაღებული ძალებისთვის აშენებული ობიექტების ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი უხარისხოდაა შესრულებული.  "მესამე თვეა, დავდივარ ბაზებზე და, სხვა ყველაფერთან ერთად, ვამოწმებ ინფრასტრუქტურას. პრობლემები არის უზარმაზარი და ამ პრობლემების დიდი ნაწილი გამოწვეულია იმ პასუხისმგებლობით, რომელიც ხშირად გვხვდება ადგილებზე მშენებლობის, თუ რემონტების პროცესში. მინდა, მივმართო ყველა ბიზნესმენს და კომპანიას, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან მუშაობს, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება, რომელსაც იღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, რომ ერთის მხრივ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომა გამოვიყენოთ, რათა ზარალი ანაზღაურდეს და საბოლოო ჯამში მივიღოთ ის შედეგი, რაზეც თავის დროზე ტენდერი იყო გამოცხადებული. მეორე მხრივ კი, ამ კომპანიებთან დაკავშირებით შევეცდებით, გავატაროთ სანქციები", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის აზრით, კომპანიები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ თავიანთ საქმეს, როცა ეს საქმე ქართული შეიარაღებული ძალებისთვის შენობების მშენებლობას შეეხება. "როცა აშენებ ქართული შეიარაღებული ძალებისთვის შენობას, იქნება ეს სასადილო, ყაზარმა, თუ სხვა ტიპის დაწესებულება, გარდა იმისა, რომ პატიოსნად უნდა ეკიდებოდე საკუთარ ნაშრომს, ასევე განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ეკიდებოდე, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ემსახურები. სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავ. ჩვენ ვხედავთ გუშინ და გუშინწინ დამთავრებულ საქმეს, რომელსაც ვერ იბარებს შეიარაღებული ძალები, რადგან აბსოლუტურად უხარისხოა. შესაბამისად, ეს მოსაგვარებელი საკითხია. ყველას მინდა მივმართო, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ საქმეს, რადგან პირადად გავაკონტროლებ აბსოლუტურად ყველა სამუშაოს", - განმარტა თინა ხიდაშელმა.