მეღორეობის ფერმა "კალანდა" მეორე სიცოცხლეს იწყებს

მეღორეობის თანამედროვე ფერმა "კალანდა", რომელიც წელიწადნახევრის წინ ვირუსის გამო სრულად განადგურდა, წლის ბოლოსთვის ხელახლა ამოქმედდება. როგორც კომპანიის დირექტორმა, სოსო მურვანიძემ bpn.ge-ს განუცხადა, პროექტის მიხედვით, ფერმაში იანვრისთვის 650-700 სულიანი სადედე გუნდის შემოყვანა იგეგმება, საიდანაც წლის განმავლობაში 11 ათასი სული საქონლის წარმოებას შეძლებენ. "ჩვენი გათვლებით, დაახლოებით, 5-6 მილიონი ლარის ინვესტიციაა საჭირო, ფინანსურ წყაროებს გარედან მოვიზიდავთ, განვიხილავთ საპარტიონორო ფონდთან თანამშრომლობას", - აღნიშნა მურვანიძემ.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, "კალანდაში" საკუთარი სასაკლაო ხაზის მოწყობას აპირებენ, რის შედეგად არა მხოლოდ ცოცხალი ღორების, არამედ ხორცის რეალიზაციასაც შეძლებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნა ადგილობრივ ღორის ხორცზე საკმაოდ მაღალია, თუმცა, საქართველოში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მეცხოველეობის კომპლექსი ფუქნციონირებს. "ერთი ფერმა ქვემო ქართლში უკრაინელების ინვესტიციით მოეწყო და როგორც ვიცი, კარგად მუშაობენ. არსებობენ წვრილი საოჯახო მეურნეობებიც, თუმცა, მათი რაოდენობა ზოგად სურათზე გავლენას ვერ ახდენს- აღნიშნა მურვანიძემ.

აღსანიშნავია, რომ "კალანდა" სოფელ კოდაში 2012 წლის დეკემბერში გაიხსნა, სადაც 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიას "საქართველოს ბანკმა" 4.4 მილიონი დოლარი, ხოლო სახელმწიფო ორგანიზაცია "საპარტნიორო ფონდმა" 1.3 მილიონი დოლარი გამოუყო. ბიზნესი წარმატებული გამოდგა, რის შედეგადაც "კალანდამ" ფონდისგან წილის გამოსყიდვა შეძლო, თუმცა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კლასიკური ღორის ცხელებამ 10 ათასი სული ღორი გაანადგურა. კომპანიის მატერიალურმა ზარალმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ბელა ნოზაძე