გორში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე აზომვითი სამუშაოები დასრულდა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ გორში დაუზუსტებელი სტატუსის მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისთვის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების შექმნის პროექტი დაასრულა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სამუშაოები სულ 2200 მიწის ნაკვეთზე ჩატარდა, ზუსტი საკადასტრო მონაცემი კი 1677-ს განესაზღვრა და ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე განთავსდა. "საჯარო რეესტრმა დაუზუსტებელი სტატუსის მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისთვის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების შექმნის პროექტი ქალაქ გორში 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მესაკუთრეებისთვის მიწის აზომვითი სამუშაოები დამატებითი ხარჯის გარეშე, უფასოდ განხორციელდა. ეს ხარჯი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულად დაფარა", - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

პროექტის ფარგლებში მესაკუთრეები დაზუსტებულ მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონულ ვერსიებს მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთები 2006 წლამდე აქვთ რეგისტრირებული, რუკაზე მათი იდენტიფიცირება პროექტის დასრულებამდე ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან ამ პერიოდში სააგენტო ელექტრონულ საკადასტრო რუკას არ აწარმოებდა და შესაბამისად, მოქალაქესაც ნაკვეთის ელექტრონული საკადასტრო ნახაზის წარმოდგენა არ ევალებოდა. ამ გარემოებამ დროთა განმავლობაში როგორც მოქალაქეს, ისე სახელმწიფოს გარკვეული პრობლემები შეუქმნა.

2010 წლიდან საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა აუცილებელი გახდა. ამ პერიოდიდან აღნიშნული ნახაზი ერთიან საკადასტრო რუკაზე თავსდება. შესაბამისად, რუკაზე ხვდება იდენტიფიცირებული ნაკვეთის ადგილი, საზღვრები, ფართობი.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ერთიანი საკადასტრო ბაზაა შექმნილი, ძველ მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც არსებობს. სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრასა და სრულყოფაზე, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებასა და მათი ელექტრონული მონაცემების შექმნაზე მუშაობა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.