ირანი გაზისა და ნავთობის საქართველოს პორტებით გატარებით ინტერესდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გუბაზ სანიკიძის ინფორმაციით, ირანი საქართველოში მეგაპროექტების განხორციელებით არის დაინტერესებული.

ამის შესახებ სანიკიძემ ჟურნალისტებს გუშინ, ირანის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. სანიკიძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, შალვა კიკნაველიძესთან ერთად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის (პარლამენტის) ეროვნული წარმოების მხარდაჭერის და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგის კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა.

სანიკიძე ხაზგასმით აცხადებს, რომ ქართულ-ირანული ურთიერთობები ძალიან ინტენსიურ ხასიათს მიიღებს, განსაკუთრებით ვენის შეთანხმების შემდეგ, საიდანაც საქართველო მოგებული დარჩება.  "ირანი დიდი ხანი იზოლაციაში იყო მოქცეული. იმყოფებოდა სანქციების ქვეშ. ახლა სანქციები იხსნება ვენის ხელმოწერის შემდეგ. მათ აინტერესებთ, როგორც ჩვენი საკანონმდებლო გამოცდილება, ასევე დაინტერესებული არიან გარკვეული პროექტების საქართველოში განხორციელებით. იყო მეგაპროექტებზე საუბარი – კერძოდ, ენერგომატარებლების – გაზისა და ნავთობის გატარებაზე ჩვენი პორტების საშუალებით, ასევე საუბარია და მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ საქართველოდან მიიღონ სარწყავი წყალი", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მედიასთან საუბრისას ირანის პარლამენტის ეროვნული წარმოების მხარდაჭერის კომისიის წარმომადგენელმა ჰამიტრეზა ფულადგარიმ ინტერესი გამოხატა საქართველოს გამოცდილებით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ბიზნესის წარმოებას და ბიზნესის კეთების გამარტივებას ეხება. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვთ იუსტიციის სახლისა და საბაჟო-გამშვები პუნქტის დათვალიერება და ამ მიმართულებით გატარებული რეფორმების გაცნობა. "გვჭირდება ვიცოდეთ, როგორც მოახერხა საქართველომ რეგიონში განსაკუთრებული ადგილის დაკავება ბიზნესის კეთების კუთხით. გვაინტერესებდა ქართველი კოლეგებისგან გაგვეგო, რა უნდა გავაკეთოთ ირანში იმისთვის, რომ მოხდეს ეროვნული მრეწველობის და ბიზნესის კეთების გამარტივება. გარდა ამისა, შევეხეთ საქართველოსა და ირანს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ თანამშრომლობას და ურთიერთობებს. იმედი გვაქვს, ეს დიდ გავლენას იქონიებს საქართველოსა და ირანს შორის ტვირთბრუნვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სხვა სფეროების განვითარების კუთხით", - განაცხადა ჰამიტრეზა ფულადგარიმ.

დღეს ირანის საპარლამენტო დელეგაცია მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე შეხვდებიან საქართველოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს და საქართველოში მოღვაწე ირანელ ბიზნესმენებს.