IFAD-ის "სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი" დასრულდა

IFAD-ის "სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი" (ASP) სრულდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ დაფინანსებული "სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტის" (ASP) დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობასა და პროექტის შედეგებზე ისაუბრა. "აღნიშნული პროექტი საქართველოში სარწყავი სისტემების, ძირითადად კი შიდა ქსელების რეაბილიტაციაზე იყო ორიენტირებული. პროექტის ფარგლებში დაახლოებით, 65 კილომეტრამდე სიგრძის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მოხდა, რამაც კონკრეტულ რეგიონებში ხელი შეუწყო ჩვენი ფერმერების აგრარულ საქმიანობას. IFAD-თან თანამშრომლობას ვაგრძელებთ მომავალშიც. ახალი პროექტი ორიენტირებული იქნება არა მარტო სარწყავი სისტემის რეაბილიტაციაზე, არამედ ისეთ მიმართულებაზე, როგორიცაა კლიმატზე ადაპტირებული სოფლის მეურნეობის განვითარება", - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

"სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტის" მოკლე ანგარიში IFAD-ის პროექტის მენეჯერმა ლალი დურმიშიძემ წარადგინა. "პროექტის არეალი შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები იყო. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6 სარწყავ სისტემას", - განაცხადა ლალი დურმიშიძემ.

უწყების ინფორმაციით, "სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი" (ASP), რომელსაც საქართველოს მთავრობა, 2010 წლიდან სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა, მიზნად ისახავდა ინფრასტრუქტურული პრობლემის აღმოფხვრასა და ფერმერების ეკონომიკურად გაძლიერების ხელშეწყობას. პროექტის განხორციელებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სარწყავი სისტემების რეაბილიტაციასა და სარწყავი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

"სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლით უზრუნველყოფილია 14,400 კომლი, გასარწყავიანდა 11,000 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა.