როდის დასრულდება საქართველოს რეგიონების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა?

„დარჩენილი 278 ჰექტარი მთლიანად სარეაბილიტაციოა, რაც ეტაპობრივად განხორციელდება“

სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში 2010 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 63.25 კილომეტრი მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია, 14 400 ოჯახის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა განახორციელა. ასევე, 11, 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის გასარწყავიანდა. აღნიშნული პროექტი საქართველოში 2010 წლიდან სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრასა და ფერმერების ეკონომიკურად გაძლიერებას.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ განმარტა, პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6 სარწყავ სისტემას - სათავე ნაგებობებს, მაგისტრალურ არხებს, გამანაწილებელ არხებს, გამშვებებსა და შიდა ქსელებს.

ნოდარ კერესელიძე: “პროექტის ფარგლებში 10 მილიონი ლარის შეღავათიანი სესხი იყო გამოყოფილი, IFAD-ის მიერ. დაახლოებით 65 კილომეტრი სიგრძის სარწყავი არხის რეაბილიტაცია მოხდა, რამაც ხელი შეუწყო ფერმერების ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას. მალე ახალი პროექტი დაიწყება, რაც არა მარტო სარწყავზე, არამედ კლიმატზე ადაპტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. კლიმატის ცვლილებები მნიშვნელოვანი პრობლემაა. მათ შორის, სოფლის მეურნეობისთვისაც. ეს პროექტი მიზნად ისახავს ფერმერთა მომზადებას, რათა ისინი უფრო მეტად ადაპტირებულები იყვნენ. ასევე, ერთ-ერთი პროგრესული წესია წვეთური რწყვა, რომლის დანერგვაც გვინდა. ეს მეთოდი ძირითადად გვალვიან რეგიონებში ბაღების, ვენახების, ბოსტნეულის კულტურების მოსარწყავად გამოიყენება.“

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის და მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვალერიან მჭედლიძის თქმით, სარეაბილიტაციის სამუშაოების პროცესში საკმაოდ ბევრი სირთულე იყო: " სარწყავი არხების მხრივ სავალალო მდგომარეობაა. პრაქტიკულად ყველა სარწყავი არხის რეაბილიტაციაა საჭირო. დარჩენილი 278 ჰექტარი მთლიანად სარეაბილიტაციოა, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. 2021 წლისთვის ყველა რეგიონში სარწყავი არხის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს“ .

ლალი დურმიშიძე, IFAD -ის პროექტის მენეჯერის თქმით, მალე პროექტი „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა“ განხორციელდება:

„ ეს პროექტი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაეხმარება. პროექტის ძირითადი მიმართულებები სოფლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ძირითადი შიდა საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის შესაბამისი პროდუქციის წარმოება, გადამუშავება და სარეალიზაციო ჯაჭვის განვითარებაა. პროექტისთვის 19 მილიონი დოლარია გამოყოფილი, საიდანაც 5 , 5 დოლარი გრანტის სახით გლობალური გარემოს დაცვის ფონდმა გამოგვიყო. ეს თანხა კლიმატზე ადაპტირებული პროექტის განვითარებას მოხმარდება. პროექტის ფარგლებში როგორც მცირე, ასევე, დიდი რაოდენობის გრანტებს გავცემთ, რაც ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ახალი ჯიშების გამოყვანას მოხმარდება. განსაკუთრებით სუსტ სეგმენტს სასაწყობე მეურნეობისა თუ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში დავეხმარებით. სხვათა შორის, მსგავსი პროექტი რეგიონში პირველად სწორედ საქართველოში განხორციელდება. ამიტომ დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს“.

IFAD სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე ერთ-ერთი მსხვილი დონორია და საქართველოში 1998 წლიდან აფინანსებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს.

სალომე გოგოხია