IDFI პროექტ - "ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს" განხორციელებას აკრიტიკებს

IDFI პროექტ - "ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს" განხორციელებას აკრიტიკებს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა და კვლევის ავტორმა უჩა სეთურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავდაპირველად გამოცხადდა კონკურსი, რომელიც ჩაიშალა, ახლა კი მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პროექტი მხოლოდ სახელმწიფო კომპანიამ განახორციელოს, რაც არასწორია. მისი თქმით, პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა მრავალი მილიონი ლარი, რისი რესურსიც სახელმწიფოს არ აქვს.

"საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ პროექტის გამოცხადების შემდეგ განვლილმა შვიდმა თვემ და შვიდი თვის უკან გამოცხადებული კონკურსის შედეგმა დაგვანახა, რომ პროცესი არასწორად, ფრაგმენტულად და ნაჩქარევად იყო დაგეგმილი და შედეგიც შესაბამისი დადგა. კონკურსის ჩაშლის შემდეგ, დღეს გაკეთდა განცხადება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხრიდან, რომ პროექტს განახორციელებს სახელმწიფო კომპანია. აღსანიშნავია, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც მილიონობით ლარის ინვესტირებას გულისხმობს, არ არიან ჩართულები არც ექსპერტები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და პროცესი მიმდინარეობს სრულიად გაუმჭვირვალედ. ეს არის მრავალმილიონიანი პროექტი, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო თავისი რესურსით ვერ გაწვდება", - განაცხადა უჩა სეთურმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის განხორციელებისთვის არ მომხდარა ბაზრის შესწავლა, თუ რა რაოდენობის კომპიუტერები არსებობს რეგიონებში, ვის სჭირდება რეალურად ქსელის გაყვანა. "უნდა იყოს კერძო და საჯარო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კერძო კომპანიებს აქვთ სურვილი, რომ პროექტში ჩაერთონ, თუმცა ამის შესახებ მათ არავინ ატყობინებთ. იყო გამოცხადებული კონკურსი, თუმცა მისი ბუნდოვანების გამო ამ კონკურსში მონაწილეობა არავის მიუღია", - განაცხადა სეთურმა.

IDFI-ს ხელმძღვანელის გიორგი კლდიაშვილის თქმით, საქართველოს არ აქვს ის ფუფუნება, რომ ასეთი ძვირადღირებული პროექტი განახორციელოს მხოლოდ სახელმწიფო კომპანიის მონაწილეობით.  "ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ამ პროექტის განხორციელებისთვის ევროკავშირისგან დიდი დახმარება მიიღეს. ჩვენ არ გვაქვს ეს ფუფუნება და სახელმწიფო კომპანიის დაფინანსება მოხდება დონორებით, სესხით ან ბიუჯეტიდან. შესაბამისად, აუცილებელია, კერძო სექტორის ჩართულობა, საზოგადოების ჩართულობა და მხოლოდ სახელმწიფო კომპანია არ უნდა ახორციელებდეს ამხელა მასშტაბურ პროექტს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ შეიძლება ამხელა პროექტი იყოს დახურული, სახელმწიფო უნდა იყოს არა მთავარი მოთამაშე, არამედ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, რადგან ინტერნეტის განვითარების მიმართ ძალიან მაღალია კერძო სექტორის ინტერესი. ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ რეალურად სტრატეგია არ არსებობს. გვეუბნებიან, რომ გეგმა არის სამწლიანი, რაც წარმოუდგენელია, რადგან განვითარებულ ქვეყნებში ასეთი პროექტების განვითარებისთვის 10 წლიანი გეგმები მუშავდება", - განაცხადა კლდიაშვილმა.

მის ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ პროცესი ასევე დახურულია ბაზარზე არსებული შესაბამისი პროფილის კომპანიებისთვის, საბანკო სექტორისთვის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც.  რაც შეეხება კონკურსს, რომელიც 2015 წლის დასაწყისში გამოცხადდა და ჩაიშალა, კვლევის ავტორების მოსაზრებით, ამის მიზეზი იყო ის, რომ წარმოდგენილი პირობები და განსაზღვრული ჩარჩო არ იყო მორგებული საქართველოს რეალობაზე.

IDFI ეკონომიკის სამინისტროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ათ რეკომედაციას სთავაზობს "საქართველოს ფართოზოლოვანი განვითარების" პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის, კერძოდ უნდა მოხდეს ერთობლივი კომისიის შექმნა, რომლის წევრებს დაევალებათ სამი თვის ვადაში წარმოადგინონ გრძელვადიანი სტრატეგია და მისი რეალიზაციის გეგმა; ამ სტრატეგიაში ასახული უნდა იყოს, როგორც ყველა სახელმწიფო უწყების და ორგანიზაციის, ასევე კერძო სექტორის ინტერესებში შემავალი მიმართულების განვითარების გრძელვადიანი მიზნები; პროცესში უნდა ჩაერთოს კომერციული სექტორი, ყველა დაკავშირებული სახელმწიფო უწყება, ასევე სამოქალაქო საზოგადოება და ყველა დაინტერესებული პირი; პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე და ა.შ.