"თელასში" იმედოვნებენ, რომ ზამთარს ახალი ტარიფით შეხვდებიან

"თელასის" წარმომადგენელი მიშა ანთაძე იმედოვნებს, რომ კომპანიას საშუალება მიეცემა, მომავალ ზამთარს ახალი ტარიფებით და ახალი პირობებით შეხვდეს.

ამის შესახებ სააქციო საზოგადოება "თელასის" წარმომადგენელმა, მიშა ანთაძემ ჟურნალისტებს სემეკ-ის სხდომის შემდეგ განუცხადა, სადაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "თელასის" სატარიფო განაცხადზე საქმის წარმოება დაიწყო.  როგორც ანთაძემ აღნიშნა, მიმდინარე წლის 23 ივლისს სააქციო საზოგადოება "თელასმა" სემეკ-ში სატარიფო განაცხადა შეიტანა, რომლის თანახმადაც მოქმედი მეთოდოლოგიის შესაბამისად "თელასმა" წარადგინა შესაბამისი ფინანსური და ეკონომიკური ხასიათის ინფორმაცია.

"გამოვთქვამ იმედს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ მარეგულირებელი კომისია დაიანგარიშებს ტარიფებს და ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ ახალი ტარიფებით, ახალი პირობებით შევხდეთ მომავალ ზამთარს, უსაფრთხოდ და იმედიანად იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი ქალაქი", - განაცხადა ანთაძემ.  მან აღნიშნა, რომ "თელასის" მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადში არ არის დაფიქსირებული ტარიფის მატების ოდენობა. მისივე თქმით, ამას ითვალისიწნებს სატარიფო მეთოდოლოგია.  "მარეგილურებელი კომისია აღნიშნულთან დაკავშირებით დანიშნავს სპეციალურ მოსმენებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული ყველაფერი. სხდომები იქნება საჯარო", - აღნიშნა ანთაძემ.

კომპანია "თელასის" სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად ამერიკულ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს. კითხვაზე, ტარიფი რომ დარჩეს უცვლელი, რა იქნება მომავალ ზამთარს, თელასის წარმომადგენელმა არ უპასუხა და მხოლოდ აღნიშნა, რომ "ვნახოთ, იმედია რომ იქნება".