ქვესადგურ "ხორგას" მშენებლობა იწყება

ქვესადგურ "ხორგას" მშენებლობა იწყება. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე და საქართველოში "აზიის განვითარების ბანკის" მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB) ქეით ჯულიანი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ქვესადგური "ხორგას" მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.

უწყების ინფორმაციით, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" "რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის" ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი, ახალი, 220/110 კვ-იანი ქვესადგურის "ხორგა" მშენებლობის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი "აზიის განვითარების ბანკი"-ს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით, 12 მლნ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია "შიემენსი" აწარმოებს.

"ქვესადგურ "ხორგას" მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას; ფოთის ინდუსტრიული ზონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებისთვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტ მიწოდებას, საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებას და საშუალებას მისცემს ქვეყანას, განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. პროექტის დასრულება 2016 წლის პირველ ნახევარში იგეგმება", - ნათქვამია განცხადებაში.