ზურაბ ჭიაბერაშვილი: დავით სერგეენკომ საარსებო შემწეობა 5000-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს მოუხსნა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საარსებო შემწეობის გარეშე 5000-ზე მეტი ოჯახი დარჩა, რომელშიც 3 და მეტი ბავშვია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, 2014 წლის იანვართან შედარებით, მთავრობა თვეში 4 მილიონი ლარით ნაკლებს ხარჯავს გაჭირვებულ ადამიანებზე.

"ამ ხნის განმავლობაში, სულ 27,000 ბავშვი დარჩა საარსებო შემწეობის გარეშე, აქედან 9,000 მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავით სერგეენკომ 2014 წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ გამოაცხადა. ამიტომ, დავით სერგეენკოსა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარი, რომ პრობლემას სოციალურად დაუცველთა ბაზაში 3000-მდე მარტოხელა პენსიონერის დამატება გამოასწორებდა, ტყულია. პრობლემა გაცილებით მძიმეა და სოციალურად დაუცლეთა ბაზაში არაკომპეტენტური ადამიანების ხელის ფათური მას კიდევ უფრო ამძიმებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს ყველა რაიონში საარსებო შემწეობის გარეშე დატოვებული ოჯახების აღწერას და შედეგებს საზოგადოებას პერიოდულად გააცნობს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ საარსებო შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დავით სერგეენკოს არასწორი მეთოდოლოგიის გამო უსახსროდ დარჩა და რომლის მდგომარეობას ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო გაუსაძლის ხდის. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის იანვართან შედარებით, მთავრობა თვეში 4 მლნ ლარით ნაკლებს ხარჯავს გაჭირვებულ ადამიანებზე მაშინ, როდესაც თვეში 30 მლნ ლარით არის გაზრდილი ბიუროკრატიის ხელფასის, პრემიებისა და დანამატების ოდენობა", - ნათქვამია ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაში.