"თელასის" სატარიფო განაცხადის განხილვა სემეკ-ში ხვალ გაიმართება

ხვალ სემეკ-ში "თელასის" განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში განაცხადეს. სემეკ-ის ინფორმაციით, შეხვედრას დარგის ექპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან. განხილვა საჯაროა და დასწრება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია.

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2015 წლის 31 ივლისის №41/1 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება "საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის № 17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" კომისიის სამართლებრივი აქტის - კომისიის დადგენილების გამოსაცემად. აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილება განპირობებულია იმით, რომ კომისიაში სს "თელასმა" შემოიტანა სატარიფო განაცხადი და სატარიფო მიზნებიდან გამომდინარე საჭიროა, სს "თელასის" განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშება და ახალი მაჩვენებლების დადგენა", - ნათქვამია განცხადებაში.

საჯარო განხილვა ხვალ, 15:00 საათზე დაიწყება.