ბიზნესმენ არჩილ ვეკუას ადვოკატები შვეიცარიელ ბიზნესმენს უზენაეს სასამართლოში უჩივიან

ბიზნესმენ არჩილ ვეკუას ადვოკატები შვეიცარიელ ბიზნესმენს, რომელსაც ზუგდიდში თხილის ყველაზე დიდი საწარმო აქვს, უზენაეს სასამართლოში უჩივიან.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატებმა, ამირან გიგუაშვილმა და ლაშა ნოდიამ განაცხადეს, თურქეთის მოქალაქე, შვეიცარიაში მცხოვრები ალი რიზა კიზილდაგი საქართველოში შვეიცარიის ყოფილი ელჩის, გიუნტერ ბეხლერის დახმარებით, არჩილ ვეკუას ბიზნესს დაეუფლა. ამასთან, ადვოკატები შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გეგმავენ შეხვედრას, სადაც ბეხლერის ამ საქმეში ინტერესის შესახებ ისაუბრებენ. მათი თქმით, უკვე ყოფილი ელჩი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ხვდებოდა და მისი მეგობრის, ალი კიზილდაგის ინტერესების დაცვას სთხოვდა, რის ხარჯზეც ქართველი ბიზნესმენი არჩილ ვეკუა გაკოტრდა და პასუხისგებაში მიეცა.

რაც შეეხება საქმეს, ადვოკატების თქმით, ალი რიზა კიზილდაგი საქართველოში ფლობდა კომპანია "ანკა გეორგიას", რომელსაც საშემოსავლო გადასახადი 150 ათასი ლარის ოდენობით დავალიანება დღემდე აქვს სახელმწიფოს წინაშე და ამ პირობებში, სახელწიფო დაფინანსება აქვს მიღებული ახლად შექმნილ კომპანიაში. დამცველების თქმით, არჩილ ვეკუას მან შესთავაზა ბიზნესპარტნიორობა და თავი მსხვილ ბიზნესმენად გააცნო, რეალურად კი იმ დროს შვეიცარიაში მარკეტი და ბენზინგასამართი სადგური ქირავნობით ქონდა აღებული. ადვოკატების თქმით, პარტნიორებს ურთიერთობა დაეძაბათ, რის შემდეგაც კიზილდაგმა ვეკუას უჩივლა ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში, სამი საბრალდებო ეპიზოდით. გიგუაშვილის თქმით, სამივე ეპიზოდში ვეკუა გამართლდა, გამამართლებელი განაჩენი კი კიზილდაგმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სწორედ ამ დროს, როგორც ადვოკატი ამბობს, კიზილდაგმა მიმართა მის მეგობარ გიუნტერ ბეხლერს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, შეხვედრები გამართა და აკეთებდა განცხადებებს, რომ საქართველოში სასამართლო უცხოელ ბიზნესმენებს არასამართლიანად ექცევა.  არჩილ ვეკუას დამცველების თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მოექცა ხელისუფლების გავლენის ქვეშ და შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც, არჩილ ვეკუა სამივე ეპიზოდში დამნაშავედ სცნეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდეს. ვეკუა ამჟამად, შვეიცარიაში იმყოფება, სადაც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

"საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებმა გააკეთეს განცხადებები იმ პერიოდში, როდესაც საქმეს სააპელაციო სასამართლოში იხილავდნენ. ამგვარი რაღაც არ შეიძლება მოხდეს. მოსამართლეებიდან ერთ-ერთი იყო ყოფილი პროკურორი. ცხადი იყო, რომ მათზე ძალიან მარტივი იყო პროკურატურის ინტერესების გატარება. ამ პერიოდში, გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გარკვეული დირექტივები თუ მეთოდოლოგია შეიმუშავა გიონტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა კი, ამ განხილვების პარალელურად განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალებს საქმის გამოკვლევას. ცხადია, ამ ფონზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმ მოსამართლეებს, რომლებიც ვეკუას საქმეს იხილავდნენ, არანაირად არ მოუნდებოდათ იგივე ბედის გაზიარება, რაც გაიზიარა ქალაქის სასამართლოს მოსამართლემ", - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ნოდიამ.

მისი თქმით, არ არსებობს საქმეში მტკიცებულება, რომ არჩილ ვეკუამ კომპანიებიდან რაიმე თანხა წაიღო. "საქართველოს უზენაეს სასამართლოში დღეს შეგვაქვს საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ეს მოსამართლეები, რომლებმაც არჩილ ვეკუას წინააღმდეგ გამოიტანეს განაჩენი, არიან ის მოსამართლეები, რომლებიც წლების განმავლობაში ასრულებდნენ პროკურატურის დაკვეთებს. მათ ამჯერადაც განახორციელეს სახელისუფლებო დაკვეთა, გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. მე დარწმუნებული ვარ, რომ უზენაეს სასამართლოს გააჩნია ყველა საჭირო კრიტერიუმი, რომ ჩვენი საჩივარი დასაშვებად სცნოს. თუ ასე არ მოხდება, ჩვენ მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ჩვენ ვითხოვთ ერთის მხრივ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას ვეკუას მიმართ და მეორეს მხრივ - ალი რიზა კიზილდაკის მიმართ, მის მიერვე აღიარებულ სისხლის სამართლის დანაშაულებზე პროკურატურამ მოახდინოს რეაგირება - ორჯერ შევიტანეთ მის წინააღმდეგ საჩივარი, მაგრამ არ აღიძრა საქმე", - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

მისი თქმით, ალი რიზა კიზილდანის ყველა ქართველი პარტნიორი, ვეკუას ჩათვლით, აღმოჩნდა ან გაკოტრებული, ან - ციხეში, - მათ შორის გედევან კორძახია და ფრიდონ კოდუა. "იგი ინვესტორის სახელის გამოყენებით, ყოველთვის ცდილობდა თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა", - განაცხადა გიგუაშვილმა.

ამ საქმის ირგვლივ, ადვოკატებმა მედიის წარმომადგენლებს ფილმი აჩვენეს, სადაც კიზილდაგი ბეხლერთან ნაცნობობას უარყოფს.