რუსთავის მერიამ 7 032 544 ლარის პროექტები განახორციელა

რუსთავის მერმა, დავით ჯიქიამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა. ,,თითქმის შვიდ მილიონ ნახევრის პროექტები უკვე დასრულებული გვაქვს. სამუშაოები ამჟამადაც მიდინარეობს და წლის ბოლომდე გაგრძელდება. წელს განსაკუთრებული აქცენტი შიდა ეზოების მოწესრიგებაზე, გადახურვებზე და საბავშვო მოედნებზე გაკეთდა. წლის ბოლოსთვის ძველი რუსთავის დიდ ნაწილში შიდა ეზოებში ასფალტის საფარის პრობლემა აღარ გვექნება. მომავალი წლისთვის რუსთავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, ლაპარაკია ე.წ. ,,ძველი ქალაქის" ცენტრალური პროსპექტის სრულ რეაბილიტაციაზე. გვინდა, რუსთავის ეს ნაწილი, სადაც წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა და რომელიც ჩვენი ქალაქისთვის ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, ერთგვარ სავიზიტო ბარათად ვაქციოთ რუსთავისთვის", - განაცხადა დავით ჯიქიამ.

2015 წლის დასაწყისიდან დღემდე, რუსთავის მერიამ 7032 544 ლარის ინფასტრუქტურული პროექტები განახორციელა. ასფალტის საფარი დაგებულია 105 კორპუსის შიდა ეზოში. გადახურულია 182 საცხოვრებელი სახლი. სენსორული განათება მოწყობილია 77 სადარბაზოში, წყალგაყვანილობის სისტემა რეაბილიტირებულია 290 მისამართზე. საცხოვრებელი კორპუსების სარემონტო სამუშაოებზე დახარჯულია 342 364 ლარი. საბავშვო-გასართობი ატრაქციონები უკვე მოწყობილია 34 უბანში. გრძელდება ,,კულტურისა და დასვენების პარკის" რეაბილიტაცია. დასრულდა ქალაქის სანიაღვრე ქსელის მოწყობის პროექტიც, რომლის ღირებულებაც 800 500 ლარს შადგენდა.

სამუშაოები ქალაქის სხვადასხვა უბანში ამჟამადაც გრძელდება.