საჯარო რეესტრმა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ხუთ მუნიციპალიტეტში აამოქმედა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა 5 მუნიციპალიტეტში დაასრულა. უწყების ცნობით, სისტემა რეალურ რეჟიმში უკვე ფუნქციონირებს ახმეტის საკრებულოსა და გამგეობაში. ეტაპობრივად კი იგი ყვარლის, ქარელის, ხაშურისა და ხობის საკრებულოებსა და გამგეობებშიც ამოქმედდება.

"აღსანიშნავია, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით თანამშრომელთა ტესტირება და ტრენინგიც ჩატარდა. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და განხორციელების პროცესში უდიდეს როლს შეასრულებს. მისი დახმარებით საკრებულოებსა და გამგეობებს თანამშრომლებთან, მოქალაქეებთან თუ სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ. სისტემა მუნიციპალიტეტებს ფუნქციების ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება, მათი საქმის წარმოების პროცესს კი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს. კერძოდ, ქაღალდის დოკუმენტები მთლიანად ელექტრონულით ჩანაცვლდება, იფუნქციონირებს მონაცემთა ერთიანი ბაზა, შემცირდება მოქალაქეთა მომსახურების დრო, სერვისების მიწოდების პროცესი კი სრულყოფილი და ეფექტური გახდება, ამოქმედდება დოკუმენტების ელექტრონული არქივი, მოქალაქეთა განაცხადების შესრულებისა და კონტროლის მექანიზმები. ამას გარდა, პროგრამის ელექტრონული ბაზის დახმარებით, საკრებულოებსა და გამგეობებს შორის დოკუმენტების მიმოცვლა სრულად ავტომატიზებული გახდება, რაც შეამცირებს მათ ფინანსურ და დროით ხარჯებს, საქმიანობას კი კიდევ უფრო ეფექტურს გახდის", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე განმარტებით, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა სერვისების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოქალაქეებისთვისაც.  "პროგრამის დახმარებით მათ საშუალება მიეცემათ, ინფორმაცია უწყებაში დაცული მონაცემების შესახებ ელექტრონული განაცხადით, ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე, ინტერნეტით მოითხოვონ და პასუხიც ასევე ელექტრონულად მიიღონ, პროგრამაში მოიძიონ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტი და ამ დოკუმენტთან დაკავშირებით უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება", - აღნიშნავენ უწყებაში.

ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კასპის, ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტებში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის ბაზების აგებაზე მუშაობს. სისტემა მომდევნო ეტაპზე სწორედ ამ მუნიციპალიტეტებში დაინერგება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ,,ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და გამგეობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.