როგორია ევროპული გამოცდილება საბანკო ზედამხედველობასთან მიმართებაში

2000-იანი წლების დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის მიერ ცენტრალური ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფისა და ერთიანი საფინანსო ზედამხედველობის ორგანოს შექმნის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში დაიწყო მსჯელობა, უნდა დარჩეს თუ არა აღნიშნული ფუნქცია ცენტრალურ ბანკს. ზოგიერთმა ქვეყანამ, ბრიტანეთის მსგავსად, განახორციელა ცვლილება და დანერგა მსგავსი ინსტიტუციური სტრუქტურა.

მოგვიანებით, 2008-2009 წლებში გლობალურმა და ევროზონის ფინანსურმა კრიზისმა გამოააშკარავა სისუსტეები და ხარვეზები, რაც მას საფინანსო ზედამხედველობის მიმართულებით ჰქონდა. აშკარად გამოჩნდა, რომ ზედამხედველობის ფუნქციის ცალკე გამოყოფა ხელს უშლის ცენტრალურ ბანკს, განახორციელოს ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა. ცენტრალური ბანკის მიერ საფინანსო ბაზრის ზედამხედველობა ზრდის აღნიშნული სფეროს რეგულირების ეფექტიანობას. სწორედ ეს გახდა მიზეზი, განვითარებულიყო საპირისპირო ტენდენცია იმ ქვეყნებში, სადაც რამდენიმე წლის წინ ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოერთვა ცენტრალურ ბანკს, განხორციელდა კონტრრეფორმა და თითქმის ყველა შემთხვევაში, ცენტრალურ ბანკს მთლიანად ან ნაწილობრივ დაუბრუნეს საფინანსო ან საბანკო ზედამხედველობის უფლება.

ქვემოთ მოცემულია გრაფა, სადაც წარმოდგენილია ევროკავშირის ქვეყნების შესახებ ინფორმაცია, თუ ვინ არის საბანკო და საფინანსო რეგულირებისა და ზედამხედველობის სფეროში პასუხისმგებელი ორგანო. დღესდღეობით, ევროკავშირის სამი ქვეყნის - ლატვიის, მალტისა და პოლონეთის გარდა, ყველა ქვეყანაში ცენტრალური ბანკი არის ან საბანკო ზედამხედველობაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ორგანო ან მჭიდროდ თანამშრომლობს საზედამხედველო ორგანოსთან.

bpn

bpn

რაც შეეხება ევროპის ცენტრალურ ბანკს (ECB), ის საბანკო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოა ევროზონის ფარგლებში. ECB ახორციელებს პირდაპირ ზედამხედველობას "მნიშვნელოვან ინსტიტუციებზე", რომელიც ჯამში ევროზონის მთლიანი საბანკო აქტივების 85%-ს შეადგენს. ხოლო დანარჩენ, "ნაკლებად მნიშვნელოვან ინსტიტუციებზე" ზედამხედველობას ახორციელებს ეროვნული საზედამხედველო ორგანო, ECB მონიტორინგის ქვეშ.

bpn

წყარო: European Central Bank, Guide to Banking Supervision. November, 2014.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს ევროკავშირის დამოკიდებულება ქვეყნის საბანკო და საფინანსო ზედამხედველობის მიმართ.

საქართველოში საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ზედამხედველობის გამოყოფას ითვალისწინებს ეროვნული ბანკის ფუნქციებიდან, არსებითად ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას სფეროში. იმ ფონზე, რომ ქვეყანას დეკლარირებული აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მკაფიო სურვილი, საჭიროა ვიყოთ უფრო თანმიმდევრულები კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში.

მაკა სამუშია