ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბიზნესმენის ქართველმა და უცხოელმა ადვოკატებმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს. როგორც ითქვა, ქიბარ ხალვაშის სარჩელი "რუსთავის 2"-ის პარტნიორთა წინააღმდეგ სასამართლოში 4 აგვისტოს შევიდა. ადვოკატების განმარტებით, სასწრაფო ზომების მიღება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც შეიტყვეს, რომ კიდევ ერთხელ იგეგმება "რუსთავის 2"-ის წილების გადაფორმება, რათა წილების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნება გართულდეს. ადვოკატ პაატა სალიას განცხადებით, "რუსთავის 2"-ის წილების დაყადაღება მათ საშუალებას მისცემს აღიკვეთოს პოტენციური თვალთმაქცური გარიგება და შენარჩუნდეს ქონების დაბრუნების შანსი.

"მეშვიდე წელია, რაც ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და საკუთრების ხელყოფის ფაქტზე ამაოდ ითხოვს გამოძიების დაწყებას საქართველოს პროკურატურისგან. ბიზნესმენის კანონიერი მოთხოვნის უგულვებელყოფა მოსალოდნელი და გასაგები იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, თუმცა 2012 წლის არჩევნებიდან 3 წლის თავზე გაუგებარია ახალი ხელისუფლების უმოქმედობა. უკვე აშკარა გახდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ ასრულებს მის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ დაპირებას სამართლიანობის აღდგენასთან და უკანონოდ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციასთან დაკავშირებით", - განაცხადა პრესკონფერენციაზე პაატა სალიამ.

ადვოკატის თქმით, სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა ქიბარ ხალვაშმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პროკურატურას "რუსთავის 2"-ის იძულებით ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა. მისივე განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების პირიობებშიც ხალვაშმა არაერთხელ მიმართა პროკურატურას, როგორც "რუსთავი 2"-ის, ასევე სხვა ქონებების ძალადობრივი ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ ჩანს. "ჩვენ ვადანაშაულებთ ხელისუფლებას და პროკურატურას უმოქმედობაში და "რუსთავი 2"-ის ნომინალური მეწილეების მფარველობაში", - აღინიშნა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

გარდა ამისა, როგორც ბიზნესმენის ადვოკატები აცხადებენ, ხალვაშის ცალსახა პოზიციაა, რომ მისი შელახული უფლებების სამართლებრივი აღდგენის პროცესში არ უნდა განხორციელდეს ისეთი მოქმედებები, რომელიც ტელეკომპანიის და ჟურნალისტების საქმიანობას შეაფერხებს. ამასთან, ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში ქიბარ ხალვაში პირობას დებს, რომ ჟურნალისტებს, მთელ შემოქმედებით გუნდს გარანტირებული ექნებათ საქმიანობის საუკეთესო პირობები, სრული ჟურნალისტური თავისუფლება და სარედაქციო ჩაურევლობა.