"პური ძვირდება, საცხობების ნაწილმა წონას დააკლო, ზოგმა კი ფასი გაზარდა" - პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის საგანგაშო პროგნოზი

საქართველოში პურის გაძვირების პროცესი დაწყებულია. საცხობების ნაწილმა უკვე გაზარდა სარეალიზაციოდ გატანილი პროდუქტის ღირებულება, მათ კი, ვინც არ გააძვირა, პურის წონას დააკლო, - ამის შესახებ "პალიტრა TV/Radio"-ს ყოველდღიური დღის შოუს, "შუადღის ამბების" ეთერში პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განუცხადა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში, საქართველოში პურის ფასზე მასობრივი ზრდაა მოსალოდნელი.

მალხაზ დოლიძე, პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე:

- პირდაპირ გეტყვით, სიმართლე მწარეა, საგრძნობლად მოიმატა საქართველოში ფქვილის ფასებმა, რაც პროდუქტის ძირითადი ნედლეულია. 1 ტომარა ფქვილი, რომელიც 37 ლარი ღირდა, დღეს 44 ლარი ღირს.

- რას უკავშირებთ ფასის ამ ოდენობით მატებას?

- საქართველოში ხორბლის ასეთი მოსავალი ჯერ არ მოსულა, თუმცა ამას არ განუპირობებია ფასების კლება. ჩვენ სამ მინისტრს შევხვდით და ვთხოვეთ განმარტება, თუ რატომ არის უკუპროპორციული პროცესები. თუ არ იქნება ამ დარგში საბაზრო ეკონომიკის პრინციპები დაცული, ფქვილის ფასები მაღლა აიწევს.

- რა პასუხები მიიღეთ მინისტრისგან?

- ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

- ზოგადად, ვინ არეგულირებს საკითხს, აიწევა თუ არა პურის ფასი? ჩართულია ამ პროცესებში სახელმწიფო?

- არა, ამ პროცესებში სახელმწიფო არ არის ჩართული, ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ბაზარზე შეფერხებებია სხვა ქვეყნის ფქვილზე; არის ვერსია, რომ ხელი შეუწყონ ადგილობრივ წარმოებას, რასაც მეც მხარს ვუჭერ, მაგრამ არა მეწარმეებისა და მოსახლეობის ხარჯზე. ხორბალი, რომელიც საქართველოში, ფოთიდან თბილისამდე უნდა შემოვიდეს, 25 დოლარი ღირს 1 ტონა. წარმოგიდგენიათ, ეს რა ოდენობის ხარჯებთან არის დაკავშირებული? ამას ემატება ცხობისთვის საჭირო სხვა რესურსების დანახარჯებიც, მათ შორის წყალიც, რომლის ღირებულებაც, როგორც ცნობილია, მეწარმეებისათვის ბევრად მეტია, ვიდრე მოქალაქეებისთვის და 40 თეთრს შეადგენს.

- საბოლოოდ, თქვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა არგუმენტის გათვალისწინებით, გაძვირდება პური? როდიდან და რამდენი თეთრით?

- თბილისში ათასზე მეტი საცხობია. მე ყველას მაგივრად ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ამ პროდუქტის დამზადება, თვითღირებულება ძვირდება, შესაბამისად, გაძვირდება სარეალიზაციოდ გატანილი მზა პროდუქტიც. ჩემი პროგნოზი ელემენტარულია - ზოგმა საცხობმა წონას დააკლო, ზოგმა კი ფასი მოუმატა.