ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, შშმ პირების საკურორტო მომსახურების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს

საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ შშმ პირების საკურორტო მომსახურების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მის ფარგლებში 800 შშმ ბავშვმა დაისვენა.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში, პროგრამის ფარგლებში, კურორტებზე კიდევ 170 ბავშვი გაემგზავრება. მისივე თქმით, კურორტებზე შშმ ბავშვებისთვის საჭირო ყველა პირობაა შექმნილი და გაუმჯობესებულია ადაპტირებული გარემო. "წელს პროგრამაში ჩართული ბავშვების რაოდენობა 250 ბავშვით გაიზარდა, სულ ლიმიტი 1750 ბავშვზეა, თუმცა საქალაქო სამსახური მუშაობს იმისათვის, რომ მომავალი წლისთვის არც ერთი შშმ ბავშვი აღნიშნული პროგრამის გარეშე არ დარჩეს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა და აღნიშნა, რომ ის მზადაა ყველა იმ ადამიანს შეხვდეს, ვინც საკურორტო მომსახურების პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულია და მათ ყურადღებით მოუსმინოს.