ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მოქალაქეთა დასახმარებლად ივლისში 101 931 ლარი გამოყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ივლისის თვეში განხორციელებულ სოციალურ პროგრამებს აქვეყნებს. გასული თვის მონაცემებით, მოქალაქეთა დახმარების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 101 931 ლარი გაიხარჯა.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 331 ადამიანს.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი აღნიშნავს, გამგეობაში მოქმედებს 16 სოციალური პროგრამა, რომლებიც ითვალისწინებს 4 და მეტ შვილიანი ოჯახებისათვის, შშმ პირებისათვის, გამოჩენილი ადამიანებისათვის, ახალდაქორწინებულებისათვის, ახალშობილებისათვის, 100 წელს გადაცილებულთა და დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის სტაციონარული, მედიკამენტოზური და სარიტუალო მომსახურების გაწევას.

გამგებლის განცხადებით, აღნიშნული პროგრამები ივლისის თვეში 66 267 ლარით დაფინანსდა.

"გასულ თვეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილმა თანხამ კი 35 664 ლარი შეადგინა. ადგილობრივი საკრებულო მოქალაქეებს პირადი განცხადებების საფუძველზე საჭირო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიღებისათვის თანადგომას ყოველთვიურად უწევს", - აცხადებენ ბორჯომის გამგეობაში.