ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლებას თავისუფალი სავალუტო რეჟიმის ამოქმედების ინიციატივით მიმართავს

"ახალი პოლიტიკური ცენტრის" წარმომადგენლის, ოპოზიციონერი დეპუტატის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით შემოდგომაზე გაცილებით მძიმე ვითარება იქნება.

ჯაფარიძის აზრით, შექმნილ მდგომარეობაში ერთადერთი სწორი გამოსავალი თავისუფალი სავალუტო რეჟიმის შემოღებაა. დეპუტატი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს ინიციატივით – გახდეს ლარის კურსი ფიქსირებული, მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, გამოიყენენ ის ვალუტა, რომელსაც უფრო მეტად ენდობიან, ხოლო მთავრობას აღარ ჰქონდეს მონიტარული ინსტრუმენტების გამოყენებით ეკონომიკაში ჩარევის ბერკეტები.

აღნიშნულ ინიციატივებს ჯაფარიძე კანონპროექტის სახით პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე შესთავაზებს. "ლარმა გაუფასურება ისევ დაიწყო, როგორც ჩვენ ამას ვპროგნოზირებდით. ის, რომ ეს აგვისტოს თვეში ხდება, როცა ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ტურიზმით შემოსული სავალუტო ნაკადი ლარს დაასტაბილურებდა, მიანიშნებს იმაზე, რომ შემოდგომაზე ვითარება ეროვნულ ვალუტის სტაბილურობასთან დაკავშირებით გაცილებით მძიმე იქნება. ამას ის ფაქტორიც ემატება, რომ ხელისუფლება როგორც შარშან და შარშანწინ, საბიუჯეტო ხარჯვას არაპროპორციულად ახორციელებს, ამიტომ მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს საბიუჯეტო ხარჯები იქნება გაზრდილი, რაც დაარტყამს ლარს და ეროვნულ ვალუტას კიდევ უფრო გააუფასურებს. ჩვენ თვეების განმავლობაში გვესმოდა, რომ ხელისუფლებამ შეიმუშავა გეგმა. მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუბრობდა იმის შესახებ, რომ დაიწყებდნენ პრივატიზაციას, განახორციელებდნენ ქამრების შემოჭერას, შეამცირებდნენ ხარჯებს, მაგრამ ვნახეთ, რომ აქედან არც ერთი შესრულებული არ არის. ლარი კვლავ უფასურდება, რაც თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება, ასევე კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყანაში შექმნილი არასტაბულურობის განცდას, რაც უკვე შემდეგ ინვესტიციებზე, ეკონომიკის ზრდაზე და დასაქმებაზე აისახება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.