დუბლინის საზღვაო პორტს, ბათუმის მერიასა და ბათუმის საზღვაო პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დუბლინის საზღვაო პორტს, ბათუმის მერიასა და ბათუმის საზღვაო პორტს შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დოკუმენტი გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას ისეთ საკითხებში, როგორიც არის მართვა და სერვისები, საპორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერა. ასევე დუბლინის პორტის ბათუმთან თანამშრომლობის განვითარება ეკონომიკის, განათლების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის საკითხებში.

მათივე განმარტებით, ირლანდიის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა დუბლინის საზღვაო პორტის აღმასრულებელმა დირექტორმა ეამონ ო რეილიმ, ხოლო საქართველოს მხრიდან ბათუმის პორტის აღმასრულებელმა დირექტორმა და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა. მემორანდუმის გაფორმებამდე სასტუმრო "შერატონში" აჭარის ფინანსთა და ეკონომის სამინისტროს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ბათუმის საზაღვაო პორტის მიერ სტუმრებისათვის პრეზენტაციები გაიმართა.

ბათუმისა და დუბლინის პორტის დამეგობრება ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატვივით ხორციელდება. დუბლინის პორტი ტვირთბრუნვისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით ევროპის ერთ-ერთი დატვირთული პორტია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მთავრობის წევრები ირლანდიის დელეგაციას გუშინ შეხვდნენ. ირლანდიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დუბლინის საზღვაო პორტის აღმასრულებელი დირექტორი ეამონ ო" რეილი, დუბლინის საზღვაო პორტის საერთაშორისო ურთიერთობათა უფროსი ჩარლი მერფი, საქართველოს დროებითი რწმუნებული ირლანდიის რესპუბლიკაში გიორგი ზურაბაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დუბლინის პორტის დელეგაციის წარმომადგენლები აჭარის საინვესტიცო და ტურისტულ პოტენციალსაც გაეცნენ.