პროფესიები, რომელთაც საქართველოში გაქრობა ემუქრება

ბოლო რამდენიმე წლის ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდები პროფესიის არჩევის დროს უპირატესობას ძირითადად ერთსა და იმავე მიმართულებას ანიჭებენ. სტატისტიკის მიხედვით, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული და სოციალური მეცნიერებები დომინირებს.

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში ინჟინრების, გეოლოგების, სეისმოლოგების, ბოტანიკოსებისა და სხვა მსგავსი პროფესიების ადამიანების დეფიციტის წინაშე არ აღმოჩნდეს ქვეყანა? რა გახდა იმის მიზეზი, რომ მსგავსი პროფესიები ახალგაზრდებში პოპულარული აღარ არის? ამის შესახებ bpn ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორსა და ექსპერტს განათლების საკითხებში, გიორგი გახელაძეს ესაუბრა.

"ამ პროფესიების ნაკლები პოპულარობა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: პირველი - სტუდენტის და მისი ოჯახის დამოკიდებულება ამ პროფესიის პერსპექტიულობის მიმართ. მეორე არის სოციალური პრესტიჟი, ანუ როგორია ამ საზოგადოებაში სოციალური სტატუსი ამა თუ იმ პროფესიის მქონე ადამიანისა და მესამე, ამ პროფესიის დაუფლებისათვის საჭირო დანახარჯების გაწევა შემიძლია თუ არა. თუმცა, ყველაზე მეტად სტუდენტები მაინც პერსპექტიულობის მიხედვით ირჩევენ პროფესიას, კერძოდ, თუ რამდენად იოლად შეუძლია ახალგაზრდას ამა თუ იმ პროფესიით მუშაობის დაწყება და მაღალი ანაზღაურების მიღება", - აღნიშნა გახელაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროფესიები მივიწყებულია, ვინაიდან ქვეყანაში შესაბამისი შრომის ბაზარი განვითარებული არ არის. "მოთხოვნა ბაზარზე მსგავს პროფესიებზე მაშინ არის დიდი, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკა მუშაობს. სახელმწიფომ ამ ფაკულტეტებზე სტუდენტები გრანტირების სისტემით შესაძლოა წაახალისოს, მაგრამ ყველაზე კარგს, რასაც სახელმწიფო გააკეთებს, ეს არის შექმნას კარგი ბიზნესგარემო, რომ ეკონომიკა იყოს მზარდი, ამ პროფესიებს შემდეგ ადამიანები თავისთავად აირჩევენ", - აღნიშნა გიორგი გახელაძემ.

საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, განათლების სამინისტრომ უკვე მეორე წელია უფასო ფაკულტეტები აამოქმედა, რამაც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ივა მინდაძის თქმით, დაინტერესება გაზარდა: "იზრდება დაინტერესება საბუნებისმეტყველო მიმართულებების მიმართ. ამაში ალბათ უფასო ფაკულტეტების როლი დიდია. მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ ამ მიმართულებების სტიმულირებას ხელი ირიბად შეუწყოს. ამ ფაკულტეტებზე ბოლო წლებში მოთხოვნა არ იყო მაღალი, არადა ძალიან მნიშვნელოვანია აგრარულ, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე სპეციალისტების მომზადება".

ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძის თქმით, სახელმწიფოს გარდა, მედიასაც დიდი როლი აკისრია იმაში, რომ საინჟინრო დისციპლინები არ გაქრეს. "თუ ინჟინერია გაქრა, ამას ფატალური შედეგი ექნება საზოგადოებაზე. ამ მხრივ უკვე ვხედავთ ძალიან მძიმე მდგომარეობს. თუ ეს ტენდენცია არ შეჩერდა, საშინელი ვითარება შეიქმნება. ეს რომ არ მოხდეს, განათლების სისტემაში რეფორმა იქნება საჭირო. ასევე მედიის როლიც დიდია, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას ამ სპეციალობების შესახებ. ახალგაზრდები ამ დისციპლინებით დოკუმენტური ფილმებისა და სხვა საშუალებებით უნდა დააინტერესონ", - აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტს, ზაქრო წიკლაურს იმედი აქვს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს პერსპექტივა ექნება. "სკოლაში ტექნიკურ საგნებს კარგად ვსწავლობდი და ეროვნულებზეც ქიმია ჩავაბარე, თან როცა არჩევანი უნდა გამეკეთებინა ფაკულტეტზე, გეოლოგიით ძალიან დავინტერესდი. დღევანდელმა რეალობამ ფაქტის წინაშე დააყენა ჩვენი ქვეყანა, რომ აუცილებლად უნდა განვითარდეს ეს მეცნიერება და განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, რათა ნაკლები სტიქიები და ზარალი იყოს",- ამბობს ზაქრო წიკლაური.

წინა წლების მონაცემების მიხედვით, ეკონომიკისა და ბიზნეს-ადმინისტრაციის მიმართულებას აბიტურიენტთა 60 პროცენტი ირჩევდა. წლევანდელი ტენდენციაც დაახლოებით იგივეა.

თუმცა, ექსპერტების თქმით, თუ სახელმწიფო გააგრძელებს მუშაობას ამ კუთხით, დაინტერესება თანდათან საინჟინრო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების მიმართაც გაიზრდება, რაც ქვეყანას სამომავლოდ მსგავსი სპეციალობის ადამიანების დეფიციტს თავიდან აარიდებს.

თამთა ჯიჯავაძე