აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლები აჭარის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

8 აგვისტოდან 11 აგვისტომდე აჭარაში სტუმრად უცხოელი ჟურნალისტების კიდევ ერთი ჯგუფი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ამჯერად საინფორმაციო ტურის ფარგლებში რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აზერბაიჯანიდან მოწვეული წამყვანი ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლები ეცნობიან, კერძოდ, რადიო „ANS“, ტელეარხი „ATV“, საინფორმაციო პორტალები: DAY.AZ, LENT.AZ, 1news.az, TREND.AZ, VESTI.AZ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ტურისტულად აქტიურ სეზონს და ზაფხულის აქტივობებს გააშუქებენ.

სტუმრები ქალაქის ღირშესანიშნაობებთან ერთად დაათვალიერებენ მთიანი აჭარის მომხიბვლელ ადგილებს, კერძოდ, მაჭახელას ხეობას, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ „ამბრაზურას“, (სასროლეთი), ჩანჩქერს, ეთნოგრაფიულ მუზეუმს მოინახულებენ და რეგიონის ფოლკლორულ და გასტრონომიულ სიმდიდრეებს გაეცნობიან.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს სარეკლამო ხასიათის პიარ-აქტივობებს არამარტო სეზონამდე პერიოდში, არამედ ივლისი-აგვისტოს ცხელ დღეებშიც ახორციელებს. ბოლო კვირის განმავლობაში დეპარტამენტმა უმასპინძლა ჟურნალისტებს ისრაელიდან, ბელორუსიდან და აზერბაიჯანიდან. იანვრიდან დღემდე კი ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე უმასპინძლა 200-მდე უცხოელ ჟურნალისტსა და ტურ-ოპერატორს.