სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პურის რეგლამენტზე მუშაობა დაიწყო

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პურის რეგლამენტზე მუშაობა დაიწყო, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.

როგორც დანელიამ განმარტა, რეგულაციის შემოღება პრობლემას არ ნიშნავს. "მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ პურის რეგლამენტზე დაიწყო მუშაობა. მინდა შეგახსენოთ, რომ რძის რეგლამენტი შევიდა ძალაში და ამას ერთხმად მოჰყვა ძალიან დადებითი გამოხმაურებები, როგორც ბიზნესსექტორის, ასევე მომხმარებლების მხრიდან. შემდეგი რაუნდი გახლავთ ფქვილის რეგლამენტი, რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ პურის რეგლამენტი შემოვიღოთ და იყოს ისეთი სტანდარტები, როგორიც ეს უნდა იყოს", - განაცხადა დანელიამ. მისი თქმით, ეს ბაზარზე არანაირ სირთულეს არ შექმნის.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა პურის რეგლამენტის შემოღება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, დანელიამ აღნიშნა, რომ აუცილებელი არ არის ყველა რეგლამენტი ევროკავშირს დავუკავშიროთ. დანელიას თქმით, ეს პირველ რიგში ჩვენ ქვეყანას და ჩვენ მომხმარებელს ჭირდება.