გადამყიდველები სუპერთასის ბილეთებს 100-დან 500 ლარის ფარგლებში ყიდიან

"დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე გადამყიდველები სუპერთასის ბილეთებს ყიდიან.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, გადამყიდველები აცხადებენ, რომ ბილეთებს 100-დან 500 ლარის ფარგლებში ყიდიან. ბილეთის ფასი დამოკიდებულია ბილეთის ადგილზე და კატეგორიაზე. 18 ლარიანი ბილეთები შედარებით იაფად, ხოლო 75 ლარიანი ბილეთები გაცილებით ძვირად იყიდება. გადამყიდველები ამბობენ, რომ სუპერთასის მატჩის ბილეთების ფასი შესაძლოა თამაშის დაწყების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზარდოს.

ბილეთების გაყიდვას მონიტორინგს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური უწევს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ნოდარ ტურძელაძემ განაცხადა, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბილეთების გადაყიდვის ფაქტები არ დაფიქსირებულა. "სტადიონის გარშემო ამჟამად მობილიზებულია ზედამხედველობის სამსახური, საქპატენტი და საპატრულო პოლიცია. ჩვენ ვცდილობთ არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები. რაც შეეხება თბილისის მასშტაბით ბილეთების გადაყიდვის ფაქტებს, ამის გაკონტროლება საკმაოდ ძნელია. ჩვენთან სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაყიდვის ფაქტები არ დაფიქსირებულა", - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

თბილისში დღეს უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გაიმართება. მატჩი "დინამო არენაზე", თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.