სარფის საბაჟოზე 61 აბი ნარკოტიკი ამოიღეს

შსს-მ ბუპრენორფინის შემცველი 61 აბი ნარკოტიკი ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული ირმა მ. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 61 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,5023 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით ) მიმდინარეობს.