მსოფლიო ბანკი: ირანისთვის სანქციების გაუქმება ნავთობის ფასს 10 დოლარით დაწევს

მსოფლიო ბანკის განცხადებით, ირანისთვის სანაქციების გაუქმებას მნიშვნელოვანი გვალენა ექნება ნავთობის მსოფლიო ბაზარზე, ირანის ეკონომიკასა და ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებზე.

"გლობალურ ბაზარზე ირანის მთლიანი დაბრუნება ნავთობის მარაგს დღე-ღამეში თანდათანობით 1 მილიონ ბარელამდე გაზრდის და შესაბამისად, მომავალ წელს ნავთობზე ფასი ბარელზე 10 დოლარით დაეცემა", - ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2016 წელს ირანის მშპ 5%-მდე გაიზრდება, წელს ეს მაჩვენებელი 3%-ია.

14 ივლისს ვენაში "ექვსეულსა" და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ირანი შეაჩერებს ბირთვულ პროგრამას და ნებას დართავს საერთაშორისო ინსპექტორებს, შევიდნენ მის ბირთვულ ობიექტებზე. თუ ირანი შეთანხმებით მიღწეულ პირობებს შეასრულებს, სანაცვლოდ მის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები გაუქმდება.

შეთანხმების მიხედვით, ირანი 10 წლის განმავლობაში შეაჩერებს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას, ასევე, 15 წელი არ ექნება წვდომა ბირთვულ საწვავსა და აღჭურვილობაზე.